NASA-ს მონაცემებით, მარსზე უძველესი მეგაწყალდიდობების კვალი აღინიშნება

ავტორი: კატო მალანია

მკვლევრები ფიქრობენ, რომ მილიარდობით წლის წინ, პლანეტა მარსი, შესაძლოა, მეგაწყალდიდოებიბით დაფარულიყო.

უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება იმისა, რომ როგორც მარსის ზედაპირზე, ასევე მის ქვეშ, ერთ დროს საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალი იყო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის: ჟურნალ Nature-ში ამ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მარსის ზედაპირის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაზე გავლენა სწორედ “მეგაწყალდიდობებმა” მოახდინეს. მეტიც, სავარაუდოდ, ამ მოვლენებმა პლანეტის კლიმატის ცვლილებაც გამოიწვია, ეს კი მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენს წარმოდგენას მარსის შესახებ.

კვლევაში მონაწილე კორნელის უნივერსიტეტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ მეგაწყალდიდობების წარმოქმნა 4 მილიარდი წლის წინ პლანეტაზე მეტეორიტის დაჯეხებას მოჰყვა. კორნელის უნივერსიტეტის პრეს-რელიზის მიხედვით, მეტეორიტის ზემოქმედებით უნდა მომხდარიყო პლანეტაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით სითბოს დაგროვება, რამაც გამოიწვია მარსზე არსებული ყინულის მარაგის დნობა და პლანეტის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით წყლის ორთქლის დაგროვება. ამას კი შედეგად მოჰყვა მთელი პლანეტის გარშემო ქარიშხლის ღრუბლების წარმოქმნა.

მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს NASA-ს Curiosity როვერის (მანქანის ზომის მოხეტიალე, რომელიც NASA-ს მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის მისიით იმყოფება წითელ პლანეტაზე. იგი გეილის კრატერების აღმოსაჩენადაა შექმნილი) მონაცემები და მათზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ მარსის ზედაპირზე არსებული ქვისა და მტვრის ტალღისებური კლდეების წარმოქმნაზე გავლენა სწორედ “მეგაწყალდიდობებს” უნდა მოეხდინა. პლანეტაზე წყალი დიდი ხნის წინ გაქრა, თუმცა, მეცნიერების აზრით, წყალდიდობების კვალი სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ერთ დროს მარსი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ადგილს წარმოადგენდა.

“ადრეული მარსი, გეოლოგიური თვალსაზრისით, ექსტრემალურად აქტიური პლანეტა იყო”, — განაცხადა თავის პრეს-რელიზში კორნელის უნვერსიტეტის მიწვეულმა ასტრობიოლოგმა — ალბერტო ფეირენმა. “პლანეტაზე სწორედ ის პირობები იყო, რაც მის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვისაა აუცილებელი. დედამიწაზე კი, სადაც წყალია, იქ სიცოცხლეც არის”.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი