EMC: მზად ვართ, სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ უსახლკაროდ დარჩენილებს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) მერიას მოუწოდებს შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟი და დაზარალებულებისთვის უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებელი ფართები. ასევე ორგანიზაცია მზად არის სამართლებრივი დახმარება გაუწიოს იმ ოჯახებს, რომლებსაც მერიის გადაწყვეტილებით სახლები დაუნგრიეს და ახლა უსახლკაროდ არიან დარჩენილნი. ამის შესახებ EMC-მ განცხადება ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

“ქვეყანაში უსახლკარობის, მზარდი სიღარიბის, უმუშევრობისა და უკიდურესად მაღალი ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის ფონზე, ნებართვის გარეშე აგებული შენობები ასობით ოჯახისთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. ზამთარში, განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც კიდევ უფრო გაზრდილია მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური და ეკონომიკური რისკები, სოციალურად ყველაზე დაუცველი საცხოვრისების დემონტაჟით თბილისის მერია არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ შენობებში მაცხოვრებელ პირებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების წინაშე აყენებს. კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია გამოსახლების აღსრულების პროცესი. თუმცა, მორატორიუმი არ ვრცელდება უკანონოდ აგებულ შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე რის გამოც ნგრევის შედეგად დაზარალებული ადამიანები გამოსახლებულად არც კი მიიჩნევა, მიუხედავად იმისა რომ მათ შესაძლოა უკანასკნელი თავშესაფარი დაკარგეს. დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს მერიის მიერ უსახლკარო ადამიანების მიმართ მგრძნობელობის არარსებობასა და სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ჯგუფების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობების გაუაზრებლობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და ამ პროცესის შედეგად მიუსაფარ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანები უზრუნველყოს საცხოვრისით. EMC მზადაა სამართლებრივი დამხარება გაუწიოს იმ ოჯახებს, რომლებიც მერიის უმძიმესი გადაწყვეტილების შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ. გთხოვთ დაგვიკავშირდით ორგანიზაციის ცხელ ხაზზე: +995 599 65 66 11 ” – წერია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი