“5-6 კაცის კაცის პარლამენტში შესვლა მას ფუნქციას და ლეგიტიმაციას ვერ შესძენს”- გოჩა თევდორაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ავთანდილ ენუქიძისგან მოსალოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გაკეთდა. მას არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს პარლამენტში შესვლას. დღემდე ის არც ერთ სხდომაზე არ ყოფილა. ამიტომ, შევა თუ არ შევა, კიდევ სხვა თემაა” – ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი წევრი, გოჩა თევდორაძე გავრცელებულ ინფორმაციას პარტიულ სიაში მყოფი, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესლასთან დაკავშირებით.

გოჩა თევდორაძემ ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კოლეგა თავისუფალი იყო გადაწყვეტილების მიღებაში და ამიტომ მოულოდნელიც არ ყოფილა. ამასთან, თევდორაძის თქმით, რამდნიმე დეპუტატის პარლამენტში შესვლა სიტუაციას არ ცვლის და ვადამდელი არჩევნები კვლავ გარდაუვალი იქნება.

“ჩვენ პარტიის სამმა წევრმა მივმართეთ საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ავთანდილ ენუქიძეს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ამიტომ, მოსალოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გაკეთდა. მას არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს პარლამენტში შესვლას. დღემდე ის არც ერთ სხდომაზე არ ყოფილა. ამიტომ, შევა თუ არ შევა, კიდევ სხვა თემაა. ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი იყო. ის პარტიის წევრი არ გახლავთ. ამიტომ ამ არჩევანში თავისუფალი იყო. ერთი ან თუნდაც 5-6 კაცის კაცის პარლამენტში შესვლა მას ფუნქციას და ლეგიტიმაციას ვერ შესძენს. თავისთავად ცხადია, დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი“- განაცხადა თევდორაძემ.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” სამომავლო გეგმას, თევდორაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია წინასაარჩვენო პერიოდში დამოუკიდებლად მოქმედებდა და ახლაც ასე გააგრძელებს. ამასთან, თევდორაძეს მიაჩნია, რომ ირაკლი კობახიძეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ სივრცეში შენარჩუნება სურს, მისი პარტია კი ამის წინააღმდეგია.

„პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო პერიოდშიც დამოუკიდებლად ვმოქმედებდით, დამოუკიდებელი ვიყავით ხმის დათვლის პროცესშიც. დამოუკიდებელი სამოქმედო გეგმა გვაქვს დღესაც. ჩვენი დამოკიდებულება ყველამ იცის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიმართ. ჩვენ პარლამენტში ორჯერ შევიტანეთ რეზოლუციის პროექტი, რომ პოლიტიკური შეფასება მიეცათ წინა ხელისუფლების მოღვაწეობისთვის. სწორედ კობახიძის და მისი თანამოაზრეების მიერ არ იქნა გაზიარებული ეს რეზოლუციის პროექტი. დღეს, როდესაც კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს, ღიმილისმომგვრელად ჩანს, რადგან თავად არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციის და პოლიტიკურ ველზე შენარჩუნების მომხრე. ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ ბრძოლას. დამოუკიდებელია ის, რომ არ ვართ იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, როლებიც ნათელაშვილის, „ლელოს“ და სხვა პარტიების ოფისში იკრიბებიან და გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებენ. ჩვენს გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები ვართ“- განაცხადა თევდორაძემ.

აღსანიშნავია რომ, “პატრიოტთა ალიანსი” ასევე ეწინააღმდეგება ვადემდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების ინიციატივას, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან წარუდგინა.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით პლებისციტს და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. არ შეიძლება ამ გაყალბებული არჩევნების მუშაობაში მონაწილეობის მიღება. ამ პოზიციაზე მყარად ვდგავართ“, – განაცხადა თევდორაძემ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც ენუქიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გვერდით ქუჩაში დგომას არ აპირებს.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ შიგნით მისი გადაწყვეტილების შესახებ ყველამ იცოდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი