ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმს მოაწერა ხელი

ავტორი: თიკო ნოდია

5 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი სხდომის პარალელურად, “პირველი რესპუბლიკის პარკში”, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არიან შეკრებილები. ,,ლელომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.

მემორანდუმით ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, პროპორციულ საარჩევნო სიებზე და 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. მათი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, უცვლელი რჩება.

” ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ პარლამენტს, რადგან ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი ოფიციალური განცხადებები საქართველოს პარლამენტში შევა, ცესკო-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე.

პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს შედეგების მიხედვით გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მივიჩნევთ, რომ გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები.

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმები მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ” – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი