“32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადაეცემა ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში” – კახა კალაძე 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ჩვენ ამ მამა-შვილს საცხოვრებელი სახლი დავუნგრიეთ, რაც სრული სიცრუეა” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა​ზე განაცხადა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და სამგორის რაიონში, მიტაცებულ სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის ფაქტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისში მომრავლდა სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცების ფაქტები, რასაც კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს ბევრი უბანი და რაიონი, სადაც მიწების უკანონოდ დატაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება მიმდინარეობს. სრული პასუხუსმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, არცერთ შენობაში მოქალაქეები არ ცხოვრობდნენ. ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ ოჯახები, რომელთაც ასევე, მიტაცებულ მიწებზე აქვთ აშენებული სახლები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს არ შევხებივართ და მხოლოდ იმ ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც უშუალოდ მშენებლობა მიმდინარეობდა – ზოგი საძირკველში იყო, ზოგი ნახევრად იყო ამოშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, რომ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, რეაგირება არ მომხდარა. შესაბამისად, ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან მიუღებელი და დაუშვებელია სახელმწიფო ქონების დატაცება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, იმ ოჯახებს შორის, რომლებიც სახელმწიფოს მიწაზე უკანონო მშენებლობას ახორციელებს, სოციალურად დაუცველების გარდა, არიან ისეთი მოქალაქეები, რომელთაც თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონება უფიქსირდებათ.

„გუშინ მამა-შვილის ძალიან მძიმე ფოტოსურათი გავრცელდა, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ამასთანავე, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ჩვენ ამ მამა-შვილს საცხოვრებელი სახლი დავუნგრიეთ, რაც სრული სიცრუეა. როდესაც ხდება მიწების დატაცება, რა თქმა უნდა, მათ შორის, ბევრი მართლაც გაჭირვებული და სოციალურად დაუცველია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიწების მიტაცებითა და შემდეგ შენობა-ნაგებობების განთავსებით, „ხელს ითბობენ“. ჩვენ ამ თემას ბოლომდე ჩავყვებით, რადგან არიან მოქალაქეები, რომელთაც თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა სახის ქონება უფიქსირდებათ. ხაზს ვუსვამ, რომ ამ მოქალაქეებში არიან ისეთი ოჯახები, რომლებიც მართლაც სოციალურად დაუცველები არიან და უჭირთ, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც მიწების დატაცებით „ხელს ითბობს“.

კერძოდ, მოქალაქე შ.ჯ. მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ფლობს ოთხ მსუბუქ ავტომობილს, მამას რეგისტრირებული აქვს 6 000 კვ. მეტრი სახნავ-სათესი მიწა; მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას. ასევე, მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში, სოფელ ლეღვანში ფლობს 1 255 კვ. მიწის ნაკვეთს; მოქალაქე დ.ტ. თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3 302 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი; მოქალაქე ვ.ფ. თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 კვადრატულ მეტრ ბინის ფართს; მოქალაქე გ.მ. თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს, მამას აქვს 568 კვ. მეტრი ფართი ამავე დასახლებაში; მოქალაქე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1 300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტებს შესაბამისი სამსახურები სრულყოფილად მოიკვლევენ.

„რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს სჭირდება სრულყოფილი მოკვლევა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავიცვათ ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქე. ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და იმ ოჯახებს, რომელთაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, ბიზნესსექტორის ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც ამ რთულ პერიოდში დედაქალაქის მოსახლეობას გვერდით უდგას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

„დღეს 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში – ისანში, ნაძალადევში, მთაწმინდასა და გლდანში. ეს იმ სახლების დაკანონებაა, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში, შვილებითა და შვილიშვილებით ცხოვრობენ, მათ თაობები გაზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახორციელებდნენ. ეს ვერ შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს მიწას მიიტაცებს, იტყვის ჩემიაო და დაკანონებას მოგვთხოვს. ეს ორი განსხვავებული შემთხვევაა. რაც ჩვენი დაპირება იყო, მას ვასრულებთ და ბოლომდე გვერდით დავუდგებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანადგომა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციაზეც ისაუბრა, თითქოს, ის წინასაარჩევნო პერიოდში, აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს იმ ტერიტორიის დაკანონებას ჰპირდებოდა, სადაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა.

„გუშინ სოზარ სუბარის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო – ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბარობს, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს, რასაც, რა თქმა უნდა, ვასრულებთ და მომავალშიც ბოლომდე მივყვებით. ჩვენი დაპირება, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობდა, შესრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოახლოებულ ახალ წელსა და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, საახალწლო ღონისძიებების ჩატარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შექმნილი პანდემიისა და მისგან გამოწვეული უამრავი ნეგატივის ფონზე, სოლიდარობას და იმ ოჯახების დახმარებას, ვისაც ამ პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდა, დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ძალიან მძიმე წელი გამოვიარეთ. ახალი რეალობა შეიქმნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მხედველობაში მაქვს არსებული პანდემია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იძულებით გვიწევს უამრავ ნეგატივთან და სტრესთან შეგუება. პირველი შოკისა და დაბნეულობის მერე, ყველანი ვცდილობთ ადაპტაციას ახალ წესებთან და ვირუსის გამო შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას. რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის. ახალი, იმედიანი მოლოდინი გვაქვს ყველას. რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ ეს განწყობა. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. მინდა, საახალწლო დღეები იყოს სიყვარულით, თანადგომითა და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობითა და სოლიდარობით სავსე თბილისი.

როგორც ქალაქის მერს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, მეამაყება, რომ პანდემიის პირობებში, მთელი თბილისი გაერთიანდა იმისთვის, რომ გვერდში დავდგომოდით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. მინდა, თითოეულ თბილისელს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან ჩვენ ერთად ვეხმარებით მათ, ვისაც თანადგომა სჭირდება. ამის მაგალითი პროდუქტებით უზრუნველყოფაა, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს. ათი ათასობით ოჯახს დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ახალი, 2021 წლის და ზოგადად, საახალწლო დღეების სლოგანი „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“ იქნება.

„გახსოვთ, როგორი თანადგომის, გუნდურობის მაგალითი გვანახეს ახალგაზრდებმა 13 ივნისს, როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენს ქალაქს და გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ტრაგედიის დღეებში. მაშინ მგლოვიარე თბილისის ნუგეში ჩვენი ერთობა იყო. სტიქიისა და ტრაგედიის წინააღმდეგ დადგა ყველა, ვისაც როგორ და რა შესაძლებლობებიც გააჩნდა. იგივე გვინდა ახლაც, იმიტომ, რომ სოლიდარობაშია ძალიან დიდი ძალა და გადარჩენა. ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ერთობა, ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა, კეთილი სიტყვა, კეთილი გულით გაკეთებული საქმეები, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ, მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. თბილისელებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დაძაბულობა და შფოთი მოეხსნათ და თუნდაც სულ პატარა საზეიმო განწყობა შეიქმნას. სოლიდარობა გადაგვალახინებს შიშსაც, პანდემიასაც. ჩვენ ახალი იმედებით დავიწყებთ ახალ წელს – ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. მაღალი რისკის გამო, წელს საახალწლო სოფელი არ გაისხნება, აღნიშნული თანხა კი დედაქალაქში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მიიმართება.

„როგორც იცით, წლევანდელი ახალი წელი რადიკალურად განსხვავებული იქნება წინა წლებისგან, ყველაფრით – მასშტაბებით, ღონისძიებებით. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმ პრობლემებით, რომელიც პანდემიამ შეგვიქმნა. ჩვენ წელს არ გვექნება საახალწლო სოფელი, რადგან ეს ადამიანებს უბიძგებს თავშეყრისკენ და ძალიან გაჭირდებოდა კონტროლი. შესაბამისად, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი არ გაგვეკეთებინა და ის თანხები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა დახარჯულიყო, მიემართება იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა, უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, მომავალს უნდა ვუყურებდეთ იმ რწმენით, რომ ყველა სირთულეს გადავლახავთ. მესმის, რომ რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით, ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარია ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება. ამიტომ გვიწევს ამ შეზღუდვების დაწესებაც და განსხვავებული ახალი წლის ჩატარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო კონცერტები თბილისში 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება. ვიცი, რომ ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს და მინდა, მათ და მათ მშობლებს მივმართო: მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. რაც შეეხება შემდეგ ღონისძიებებს, გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის შემსრულებლები და მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან ჩაერთვებიან. ჩართვებში ასევე, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები. გარდა ამისა, კონცერტები გაიმართება 6 და 14 იანვარს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან მათი ჩართულობა საახალწლო კონცერტებში ძალიან მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ამ რთულ ვითარებაში გაუჭირდათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც და დიდი ზიანი მიადგათ. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით მათ დასახმარებლად, თუმცა მათ ახლაც სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა. მაქსიმალურად შევეცდებით, ისინი ამ ღონისძიებებში ჩაერთონ. როგორც გითხარით, კონცერტებისა და ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ნახვა ტელეეთერებიდან იქნება შესაძლებელი, რადგან არსებულ ვითარებაში ხალხის შეკრება რისკს წარმოადგენს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანების განწყობა შევამსუბუქოთ. ჩვენ ფიქრებს დიდი ძალა აქვს. კარგად მესმის სირთულეები, გაჭირვება, მაგრამ ჩვენი სოლიდარობითა და ერთად დგომით, ყველაფერს გადავლახავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, დედაქალაქის მერია ბიზნესსექტორს დაეხმარა და მსგავსი გადაწყვეტილებები მეორე ტალღის პირობებშიც იქნება მიღებული. კერძოდ, არსებული პანდემიისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტს შეიმუშავებს.

„პანდემიის პირველი ტალღის დროს, ბიზნესსექტორს მთელი რიგი დახმარებები გავუწიეთ. გარდა იმისა, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააკეთა, მუნიციპალიტეტმაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ მეწარმეებს მივეცით გარკვეული შეღავათი, რომელიც ძირითადად, სამი თვით იჯარისგან გათავისუფლება იყო – ზოგ შემთხვევაში, წლის ბოლომდე და მათზე დაკისრებული სანქცია-საურავების გაუქმება, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტი წარმოადგინოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, პანდემიის მეორე ტალღა გვაქვს, მთავრობას ისევ მოუწია ეკონომიკურ სექტორზე რიგი შეზღუდვების გავრცელება. იცით, რომ მთელი რიგი მიმართულებები დახურულია, არ მუშაობს და ეს ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, მთავრობის მომდევნო სხდომაზე წარმოადგინოს საშეღავათო პირობები, რომ ამ მიმართულებას დავეხმაროთ და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა მაქსიმალურად ჰქონდეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებაზე, ტაქსების რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება არსებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მიიღეს.

„B კატეგორიაში, მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს მივეცით ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს იყო დროში შეზღუდული. ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. ახლა ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, რომ მათ ეს უფლება ერთი წლით გავუხანგრძლივოთ. B კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს, კიდევ ერთი წლის ვადით, 2022 წლამდე ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი