ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრის 9 კერიდან 4 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 2-ზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები

ავტორი: ნანა წულაია

ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრის 9 კერიდან 4 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 2-ზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. დღის განმავლობაში დაემატა სამი კერა, მათ შორის ორი სამეგრელოში და ერთი იმერეთში“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგენლობა, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ხანძარს ერთდროულად ებრძოდა.

„რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია.

სოფელ საკაოში, ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია.

მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის – ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ხოლო სოფელ ლემატუეში, სადაც კერა დღის განმავლობაში დაემატა, ლოკალოზებულია.

იმერეთში დღის განმავლობაში დაემატა კერა ბაღდადში. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ხანძარი ლოკალიზებულია. ვერტმფრენის ჩართვა საჭირო აღარ გახდა შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი ლოკალიზებულია. კერები დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. ადგილზე იყო ჩასული და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 261 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 252 ლიკვიდირებულია, ოთხი ლოკალიზებული.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი