მამუკა ხაზარაძე – ელჩებს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს” პოზიცია არის მყარი და არ შეიცვლება

ავტორი: ნანა წულაია

„არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული“ –  ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ლელოს“ წევრების ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზრაძემ აღნიშნა, რომ პარტიის პოზიცია უცვლელია.

„შეხვედრა ეხებოდა იმ შექმნილ სიტუაციას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება ჩვენი ქვეყანა, კონკრეტულად ორი მხარე. ჩვენ ვისაუბრეთ „ლელოს” გეგმებზე, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს” პოზიცია არის მყარი, „ლელოს” პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში. ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მსხვრევადია, ასევე აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს პოზიცია ძალიან ცხადად და მყარად დავაფიქსირეთ.

მინდა გითხრათ, რომ ელჩები არიან მყისიერად ინფორმირებული, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, თუ რა ხდება არამარტო მედიასივრცეში, არამედ ისინი ჩართული არიან ამ პროცესში და, ბუნებრივია, არიან ინფორმირებული.

ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, სიების ჩახსნიდან, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმამდე, არის ძალიან მოკლე და ძალიან ვიწრო. ეს არის მოლაპარაკების ბოლო შანსი. აქვე ვუთხარით, რომ თუ შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, „ლელო” გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი აქ არ იქნება.

კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს ყველა მცდელობა, რომ შემოგვასაღონ, რომ თურმე ყველაფერი კანონიერი იყო, რაც უნდა ბრიფინგები მოეწყოს, ეს ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს, რადგან ჩვენ გვიჭირავს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან და ხმების მიტაცებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი