“ხელისუფლება უსუსურად გამოიყურება იმის მტკიცებით, რომ პარლამენტი არ არის მონოპარტიული” – თინა ბოკუჩავა

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ძალიან უსუსურად გამოიყურება ხელისუფლება, როდესაც ან საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს, ან მითუმეტეს, საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი აღარ არის მონოპარტიული იმიტომ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ 3 წევრი შეიტყუეს პარლამენტში” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამი დეპუტატის პარლამენტში შესვლაში “ტრანზაქციული ინტერესები იყო ჩადებული” და ასეთ მდგომარეობაში “ქართული ოცნება” ხელს “ნაციონალური მოძრაობისკენ” არ უნდა იშვერდეს.

„სრულიად არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია, როდესაც იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნების მოპარვის შედეგად მოახდინა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება და ახლა გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ტრანზაქციული ინტერესები იყო ჩადებული, იძახის რომ ერთპარტიული პარლამენტი აღარ გვაქვსო – აი, ამ მართლა გაბანკროტებული და თვითგანადგურების რეჟიმში შესული პარტიიდან ჩვენზე ამის თქმა, ღიმილის მომგვრელია” – ასე გამოეხმაურა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური კრიზისია და ის თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული.

მისივე შეფასებით, ავტოკრატიულ სახელმწიფოებში მთავრობა ფსევდოოპოზიციას იყენებს, რათა დემოკრატიის ილუზია შექმნას. ბოკუჩავას აზრით, “ქართული ოცნება” იმავეს ცდილობს და ეს “კომიკურია”.

“გუშინ სხვათაშორის, რაღაც პატარა კვლევას ვაკეთებდი ავტოკრატიულ საკანონმდებლო ორგანოებზე მსოფლიოს მასშტაბით და არსებობს საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული თეორია – კოოპტაციის თეორია, რაც გულისხმობს, რომ რეალურად ხდება ფსევდოოპოზიციური ნაწილის შეწოვა ხელისუფლებაში მმართველი რეჟიმის მხრიდან იმისთვის, რომ შემდეგ მათ ეს გამოიყენონ, როგორც რაღაც ოპტიკური ილუზია დემოკრატიის. ეს არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული თეორია, რომელიც ასევე მტკიცდება უამრავი ემპირიული მაგალითებით ავტოკრატიულ რეჟიმებში და შესაბამისად, ძალიან უსუსურად გამოიყურება ხელისუფლება, როდესაც ან საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს ან მითუმეტეს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი აღარ არის მონოპარტიული იმიტომ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ 3 წევრი შეიტყუეს პარლამენტში. აი, ასეთ უსუსურ მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“ და მისი „ლიდერშიფი“ და მათი სრულიად გაკომიკურებული და ყოველგვარი პოლიტიკური ლეგიტიმაციის არმქონე პერსონაჟები ჩვენკენ იშვერენ ხელს. მათგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდია და შედგება დამოუკიდებელი ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და უფლება“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი