ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი ,,The Queen’s Gambit”-ს აფასებს

ავტორი: კატო მალანია

ნეტფლიქსის პოპულარული მინისერიალი, The Queen’s Gambit (ლაზიერის გამბიტი) იმ ვუნდერკინდი მოჭადრაკე ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი მსოფლიო ჭადრაკის შეჯიბრებებზე იმკვიდრებს ადგილს. სერიალმა დიდი მოწონება დაიმსახურა ჭადრაკის მოყვარულებისგან, ისტორიკოსებისგან და პროფესიონალი მოთამაშეებისგანაც კი, რადგან მას ზედმიწევნით რეალისტურად გადმოაქვს ეკრანზე თამაშის სპეციფიკა და დაძაბული კონკურენციის შიდა სამზარეულო.

მსგავსი სიზუსტე, შესაძლოა, იმით აიხსნას, რომ სერიალზე მუშაობდნენ ჭადრაკის ცნობილი მწვრთნელი, ბრიუს პანდოლფინი (რომელმაც სერიალის პირველწყაროს, ამავე სახელმწოდების რომანის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა) და გროსმაისტერი გარი კასპაროვი, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

Slate-ის ჟურნალისტი, ნიტიშ ფაუა სწორედ კასპაროვს ესაუბრა იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანა მან ლაზიერის გამბიტის შექმნაში, რამდენად ახლოსაა სერიალი 60-იანი წლების საჭადრაკო რეალობასთან და რით განსხვავდება ის ამავე თემატიკაზე შექმნილი სხვა ნამუშევრებისგან. ქვემოთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

როგორ ჩაერთეთ ლაზიერის გამბიტზე მუშაობაში და კონკრეტულად რა გევალებოდათ?

პირველად ბრიუს პანდოლფინმა დამირეკა, რომელსაც კარგად ვიცნობ. მითხრა, რომ ამ პროექტში თავადაც იყო ჩართული და სკოტ ფრენკს [მინისერიალის თანაშემქმნელი] ჩემთან გასაუბრება სურდა. იმავე პერიოდში მომწერეს ჩემმა მეგობრებმა, Game Of Thrones-ის შემქმნელებმა, დევიდ ბენიოფმა და დი ბი უაისმა, რომლებიც სკოტთანაც მეგობრობენ და მითხრეს, რომ იგი ჭადრაკის თემაზე ქმნიდა რაღაც საინტერესოს. საბოლოოდ, მე და ჩემი ცოლი სკოტსა და ბრიუსს სადილზე შევხვდით და გავესაუბრეთ.

სკოტი აღფრთოვანდა, როცა ვუთხარი, რომ Godless [სკოტ ფრენკის საავტორო სერიალი] ნანახი მაქვს და ძალიან მომწონს. თავდაპირველად, მას სურდა, ვასილი ბორგოვის როლი მეთამაშა. მითხრა, “გარი, უმშვენიერესი ცოლი გყავს, თავი მეტად კომფორტულად რომ იგრძნო, რატომაც არ ვათამაშოთ მას სერიალში შენი ცოლის როლი?”. კი მიმზიდველი წინადადება იყო, თუმცა ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, პროექტზე მუშაობას ორ-სამ თვეს ვერ დავუთმობდი. თანაც, ეს საკმაოდ რთული დავალება იქნებოდა: ბორგოვი სერიალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ამიტომაც, სკოტს შევთავაზე, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმაზე მემუშავა, რომ სერიალში ყველაფერი მაქსიმალურად დამაჯერებელი ყოფილიყო. ჭადრაკზე გადაღებული ფილმების უმრავლესობა ზედმეტად ჰოლივუდურია და მათში ყურადღება არ მახვილდება ამ თამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანზე: სინერგიაზე, ფსიქოლოგიაზე, სხეულის ენის მნიშვნელობაზე.

ფოტო: Netflix

ვაღიარებ, უოლტერ ტევისის წიგნი წაკითხული არ მქონდა. შეხვედრის მერე მაშინვე წავიკითხე, სკოტს დავურეკე და ვუთხარი, მგონია, გამომივა და სცენარი მჭირდება-მეთქი. ამის მერე რამდენჯერმე გავისაუბრეთ, მაგრამ მთავარი შეხვედრა ბერლინში გვქონდა, სადაც სცენარი დეტალურად განვიხილეთ. სამი რამ ჩამოვუთვალე, რაზე მუშაობაც მსურდა. პირველი ჭადრაკის მოთამაშეთა მანერების სპეციფიკა იყო. ვუთხარი: “შემიძლია აგიხსნათ, როგორ მიმდინარეობს ჭადრაკის თამაში. აქ მთავარი სხეულის ენაა — როგორ ეხებიან მოჭადრაკეები ფიგურებს და, ზოგადად, ყველა ის ჟესტი, რომელიც ადამიანებს შეუქმნის იმის შეგრძნებას, რომ ნამდვილ მოთამაშეებს უყურებენ”.

მეორე ფაქტორი თავად ნათამაშები პარტიების რეალისტურობა იყო. ჭადრაკის მცოდნეს ეკრანზე ნანახი სისულელედ არ უნდა მოეჩვენოს. ეს პრობლემა ბევრ ფილმს აქვს, რომელშიც ჭადრაკი ფიგურირებს: ხან ფიგურების განლაგებაა მცდარი, ხან კი საჭადრაკო დაფა დევს არასწორად. თუკი ნამუშევრის მთავარი თემა ჭადრაკია, მასში ნამდვილ, ისეთ ჭადრაკს უნდა თამაშობდნენ, რომ მის სპეციფიკაში გარკვეული ადამიანისთვისაც დამაჯერებელი აღმოჩნდეს. პრობლემა ის იყო, რომ ტევისი თავის წიგნში არარეალურ პარტიებს აღწერდა, თანაც, მოყვარულის დონეზე. ამიტომაც, მათთან მიმსგავსებული რეალური პარტიების მოძებნა მოგვიწევდა. სკოტს ვუთხარი, რეალურ თამაშებს შევკრებ და მათ ოდნავ შევცვლი ისე, რომ თან რეალისტურობა არ დაკარგონ და თან წიგნში აღწერილს მაქსიმალურად ჰგავდნენ-მეთქი. ესეც მეორე კომპონენტი.

ფოტო: Netflix

მესამე გასათვალისწინებელი ფაქტორი ის იყო, რომ სიუჟეტი საბჭოთა რეალობას ეხება. “კაგებე” წიგნში ნახსენები არ არის. სკოტს ვუთხარი, თუ საბჭოელი ჭადრაკის ჩემპიონი 60-იან წლებში დასავლეთში გაემგზავრებოდა, “კაგებეს” ხალხს თან აუცილებლად გააყოლებდნენ-მეთქი.

პარტიების უმრავლესობა მარტივად გავმართე. ყველაზე რთული საბოლოო თამაში აღმოჩნდა, რადგან ეკრანზე მისი სრული მსვლელობა ჩანს. თანაც, ის აუცილებლად ლაზიერის გამბიტით უნდა დაწყებულიყო. ცხადია, შემეძლო, სხვა სვლით დაწყებული პარტია ამერჩია, მაგრამ, მგონი, ეს წიგნისეულ სულისკვეთებაში არ ჩაჯდებოდა. მე უნდა მეპოვა 40-მდე სვლისგან შემდგარი პარტია, რომელიც თამაშის დაძაბვისას შეწყდა და გარკვეული დროის მერე გაგრძელდა. ამას დაემატა ის სიუჟეტური გადაწყვეტაც, როცა ბენი და სხვა მოჭადრაკეები ჰარმონს რჩევების მისაცემად ნიუ-იორკიდან ურეკავენ. ისინი ცდილობენ, მოგების გზა იპოვონ. ესე იგი, პარტია ძალიან უნდა ჩახლართულიყო.

რამდენიმე თამაში ვიპოვე, მაგრამ საბოლოოდ ვასილი ივანჩუკისა და პატრიკ ვულფის 1993 წლის ბილის ინტერზონალურ ტურნირზე გამართული დაპირისპირება შევარჩიე. სერიალის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში გაოცებულმა ვულფმა მომწერა და მკითხა, სად ვიპოვე ეს მივიწყებული პარტია. წიგნში ნახსენები ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, მე ის 700-მდე თამაშს შორის ამოვარჩიე. სრულყოფილი პარტია სულაც არაა: არც ისეთი ჩახლართულია, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო, თუმცა წიგნისეულ აღწერაში ზუსტად ჯდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი