ცუცქირიძე – „ლოკდაუნის“ შედეგები ძალიან მძიმე იქნება, მასობრივად მოხდება სამუშაო ადგილების დაკარგვა

ავტორი: კატო მალანია

„ლოკდაუნის“ შედეგები ძალიან მძიმე იქნება, მასობრივად მოხდება სამუშაო ადგილების დაკარგვა“, – ამის შესახებ საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას განაცხადა, სადაც მან ეპიდვითარებასთან დაკავშირებით შეზღუდვების შესაძლო გაფართოებაზე ისაუბრა.

გიორგი ცუცქირიძის თქმით, „ლოკდაუნმა“ შესაძლოა, ბიზნესის „გაკოტრების მთელი სერია გამოიწვიოს“ .

„ლოკდაუნზე“ საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი. კი, გადავიტანთ, მაგრამ შედეგები ძალიან მძიმე იქნება. დიდი ალბათობით, ქვეყანა კიდევ 2 წელი ვერ ამოვა ამ რეცესიიდან თუ ვარდნიდან. მასობრივად მოხდება სამუშაო ადგილების დაკარგვა. რაც მთავარია ბიზნესების გაკოტრება დაიწყება. დღემდე ბიზნესების გაკოტრება არ მომხდარა. ბიზნესების აქტივობა შემცირდა, ის არ არის, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ავად თუ კარგად, ფუნქციონირებენ, თუნდაც შემცირებული შემოსავლების ხარჯზე, ზოგი უხელფასო შვებულებაში გაშვებული ადამიანების ხარჯზე. ბიზნესები არაუბრალოდ გაჩერდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაკოტრებების მთელი სერია. ამიტომ არის „ლოკდაუნი“ არასასურველი ფორმა. მთავრობამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა არ გახდეს იძულებული შევიდეს „ლოკდაუნის“ ფაზაში. ეს უნდა ავიცილოთ. ეს არ არის ერთჯერადი პასუხისმგებლობა, ეს არის სამმხრივი – პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, ამ სამი ფაქტორის ერთობით შეიძლება ავიცილოთ „ლოკდაუნი“, თუ ეს ვირუსი ასე წავიდა, მთავრობა იძულებული გახდება “ლოკდაუნზე” წავიდეს“,-განაცხადა ცუცქირიძემ.

ამასთან, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ შემზღუდავი ღონისძიებები უფრო მოქნილი უნდა იყოს, განსაკუთრებით იქ, სადაც დახურული სივრცეა და მასობრივი თავშეყრა ხდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი