“ციფრებით მანიპულირება გამოიყენეს მათ, ვინც კოვიდის მართვაში არიან ჩართულნი” – გიორგი ჩალაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ძალიან გავერთეთ სტატისტიკით და მათემატიკით, ამაში კი ადამიანებიც ჩავითრიეთ და ვატყუებთ, ვმანიპულირებთ მათი აზრით და ვაფორმირებთ იმ შეხედულებებს, რაც გვჭირდება. ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ კეკლუცებს, რომლებიც ამ ყველაფრით ქულებს იწერენ”– ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ჩალაძემ ტვ–პირველის ეთერში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდის მართვაში ჩართული ადამიანები ციფრებით მანიპულირებენ და ინფორმაცია რეალურ მონაცემებზე საზოგადოებას არ აქვს.

“თუ ჩაატარებ მილიონ ტესტს და შეინარჩუნებ დადებითობის მაჩვენებლს ერთსა და იმავე პროცენტს, 3000 დადებითი ტესტი შეიძლება უცბათ 300 000 გახდეს. მაგალითად, დღეს ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი არის დამრგვალებით  10%. რომ ჩაატარონ 3 მილიონი ტესტი, გვეყოლება 300 000 დაავადებული ადამიანი. ეს არის მთელი მანიპულირების სფერო. ჩვენ არ ვეუბნებით ადამიანებს რეალურ, განმსაზღრელ ციფრებს, ვეუბნებით მხოლოდ მშრალ, არაფრისმთქმელ რაოდენობებს. ჩემი ლაბორატორიის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი 32–35%–მდეა. ჩვენი მომსახურება არ არის იაფი, შესაბამისად ადამიანები, რომლებიც იტარებენ ტესტს, არ არის მასაში შერეული და ძირითადად კონცენტრირებულია თბილისში. თუმცა ეს არის მაინც კატასტროფული მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, ეს ციფრებით მანიპულირება გამოიყენეს მათ, ვინც კოვიდის “მართვაში” არიან ჩართულნი. ჩვენ შევქმენით სისტემა, რომლის მძევლებიც თავად ვართ” – განმარტა ჩალაძემ.

ჩალაძემ შექმნილ ვითარებაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დაადანაშაულა. მისივე თქმით, სისტემას ახლა ამოსუნთქვა ჭირდება და ლოქდაუნი ერთადერთი გამოსავალია.

“პაატა იმნაძე 2020 წლის 10 მარტს ამბობდა, რომ ვისაც კოვიდის სიმპტომები არ აქვს, ანალიზებით ვერ დადგინდება მისი დადებითობაო. ერთი ადამიანი, ვისაც აბარია ჩვენი ბედი, 7 თვის წინ ამბობდა, რომ კორონა ვირუსი არ დგინდება თუ სიმპტომები არ არის გამოვლენილიო. ეს იგივე ადამიანია, რომელიც კუბოებს გვიქადდა. ეს არის სიმბოლო კოვიდის მართვის. ამათმა ითამაშეს ადამიანის სიცოცხლით და დაპირებული კუბოები აგვიხდინეს. ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც ახლა ჩვენ გაგვაჩნია არის ჩაკეტვა, გინდა ლოქდაუნი დავარქვათ და გინდა წერტილოვანი შეზღუდვები. ფაქტია, რომ უნდა გავწყვიტოთ ჯაჭვი. ეს ვერაფრით ვერ მოხდება თუ არ ჩავკეტეთ ადამიანები სახლში, ოღონდ ამისთის წინაპირობები უნდა შევქმნათ. სახელმწიფომ უნდა სთხოვოს ბანკებს გადაავადონ სასესხო ვალდებულებები, შეწყვიტონ გადასახადების აკრეფა მცირე და საშუალო ბიზნესისგან, აღებული ვალები კი გამოიყენონ მიზნობრივი ხარჯებისთვის” – განაცხადა ჩალაძემ.

 

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი