“ჩვენ ვერ ვიქნებით ივანიშვილის სიტყვის ამარა, რომლის ნდობაც ნულის ტოლია” – გიგი უგულავა

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ახლა პარლამენტში შესვლა უკიდურესი მეამიტობაა, ამიტომ მე არ მგონია, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ ვერსიას განიხილავდეს. ჩვენ ვერ ვიქნებით ივანიშვილის პოლიტიკური ნების ამარა. ჩვენ ვერ ვიქნებით ივანიშვილის სიტყვის ამარა, რომლის ნდობაც ნულის ტოლია”– ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტვ–პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

უგულავა  “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის ფეისბუქ სტატუსსაც გამოეხმაურა, სადაც სამადაშვილი წერს, რომ ადგილობრივი არჩევნების მოგება  და შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა  უფრო რეალისტურია, ამიტომ ახლა ოპოზიციის ამოცანა  სხვანაირი საარჩვენო გარემოს მიღება უნდა იყოს.

“იმ იმედით, რომ ადგილობრივი არჩევნები იქნება კარგი, მოდი ახლა თვალები დავხუჭოთ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ არის გათელილი, რომ მთლიანად უგულებელყოფილია ქართველი ხალხის არჩევანი და ვითომც არაფერი, შევიდეთ პარლამენტში და ვილაპარაკოთ კანონეზბზე, ბიუჯეტზე, ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა, ასეთი რამე წარმოუდგენელი და შეუძლებელია.  მე ვაფასებ სალომე სამადაშვილის სურვილს, რომ საერთო ენა ვიპოვოთ ხელისუფლებასთან, უბრალოდ ის პირობები რაც მან თავის ფეისბუქ სტატუსში წამოაყენა, ამას არ უზრუნველჰყოფს. პირიქით, ხელს უწყობს ოპოზიციის დაქსაქსულობას, სრულ დისკრედიტაციას და ამომრჩევლის იმედგაცრუებას. ჩვენ გვიწევს ან ერთმანეთის გამხნევება ან დამუნათება. არანაირი პარლამენტში შესვლა და არჩევნების აღიარება არ განიხილება” – განაცხადა უგულავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი