“ჩვენი პარტიის პოზიცია ურყევია, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს” – ირმა ინაშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ჩვენი პარტიის პოზიცია არის ურყევი და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გაყალბებულ არჩევნებზე თვალის დახუჭვას და პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას არ დაუშვებენ. ინაშვილის აზრით, პოლიტიკოსებმა ნორმალური სისტემის აშენებას უნდა შეუწყონ ხელი.

„მთავარი შეკითხვა ყველამ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, პოლიტიკოსებმაც და ჩვენმა საზოგადოებამაც, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება?! ქვეყანაში, სადაც არჩევნებს აყალბებენ, ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ და შევდივართ პარლამენტში თუ გვინდა ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ბოლოს და ბოლოს ვატარებთ სამართლიან არჩევნებს?! ჩვენი პარტიის პოზიცია არის მყარი, ჩვენ ცალკე ფორმატში შევხვდებით ელჩებს, სხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი პოზიცია არის ურყევი. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ჩვენ არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ ყალბდება არჩევნები ქვეყანაში – ამაზე ყველა თვალს ხუჭავს და შევდივართ პარლამენტში და მხიარულად ვაგრძელებთ მუშაობას, სადაც სხვათაშორის ოპოზიციას ყველანაირი ბერკეტი წაართვეს საპარლამენტო საქმიანობის დამახინჯებული რეგლამენტის მიღების შედეგად. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. მთელი პოლიტიკური სისტემაა შესაცვლელი და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ნორმალური პოლიტიკური სისტემა ავაშენოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ინაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი