“ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი ეპიდემიასთან და ეკონომიკასთან ერთად-პოლიტიკური პროცესი გახდა” – გახარია

“ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი ეპიდემიასთან და ეკონომიკასთან ერთად- პოლიტიკური პროცესი გახდა. პოლიტიკური პროცესების ამ ბალანსში დამატებით მდგენლად ჩართვით გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოგვიწია.”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოსთან რეკომენდაციის შედეგად მთავრობამ ეპიდემიის წინააღმდეგ რამდენიმე ახალი ზომების მიღება გადაწყვიტა. მისი თქმით, სიტუაცია არ არის მარტივი, თუმცა ერთობლივი მოქმედების შედეგად შესაძლებელია მისი მართვა.

“ერთ კვირაზე მეტია ვმუშაობთ გარკვეულ ღონისძიებებზე, რომლებზეც მინდა ვისაუბრო. სიტუაცია არ არის მარტივი,სიტუაცია რთულია, თუმცა არის მართვადი. როგორც აგვისტომდე მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას, ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ.” – განაცხადა მინისტრმა.

“მსოფლიოში არის ეპიდემიის ზრდა, განსაკუთრებით ეს ყველაფერი ევროპაშია კონცენტრირებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობ ბალანსზე, ჩვენი ინტერესები ყოველთვის იყო ეკონომიკის ინტერესებთან ერთად ეპიდემიის მართვაში ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ ადაპტაციაში გადაიზარდა. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. თუმცა მოგეხსენებათ, რომ სადღაც სექტემბრის თვისთვის ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი ეპიდემიასთან და ეკონომიკასთან ერთად- პოლიტიკური პროცესი გახდა. პოლიტიკური პროცესების ამ ბალანსში დამატებით მდგენლად ჩართვით გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოგვიწია. ეს კომპრომისები იყო განსაზღვრული იმ დემოკრატიული პროცესის გათვალისწინებით, რომელმაც მიგვიყვანა პირველ ტურამდე, მეორე ტურამდე და შემდგომ გამოხატვის იმ თავისუფლებამდე რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დააფიქსირეს თბილისის და სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების, ექიმების ამოცანაა, რომ საქართველო დავუბრუნოთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ისეთ მაჩვენებლებს, რომელიც გვქონდა აგვისტომდე. საქართველო ამ პერიოდში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა.ჩვენ ეს ვალდებულება არ გვაქვს, ყველაფერთან ერთად ეს პასუხისმგებლობაა ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.”- განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ეკონომიკურ დახმარებაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვყავს ამ ხალხის აღრიცხვა და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ ადამიანს ამ სფეროდან, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიზნობრივად დაეხმარება სესხის გადავადებაში. 300 – ლარიანი დახმარებით არაფორმალურად დასაქმებულებისათვის პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჟამად დავიწროებულია ეს სფერო და ვფიქრობთ, რომ იქნება სადღაც 100-120 000 ბენეფიციარი“. – განაცხადა პრემიერმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი