“ჩემთვის გაუგებარია გამონაკლისების დაშვება პანდემიის დროს, კორონასთვის არც ახალი წელი არსებობს და არც შობა” – რუსუდან გოცირიძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ჩემთვის გაუგებარია გამონაკლისების დაშვება პანდემიის დროს, კორონასთვის არც ახალი წელი არსებობს და არც შობა. ამ სახელმწიფომ ვერ გაიაზრა, რომ მოქალაქეები არ არიან ერთი კონკრეტული რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. დღეს არაფერში აღარ ჯდება სახელმწიფოს ეს რიტორიკა. როდესაც პრემიერი  ელაპარაკება მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანებს, ესეიგი მას არც კი უფიქრია სხვა საჭიროებებზე” – ამის შესახებ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ ახალ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, ხვალიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, 31 დეკემბრისა და 6 იანვრის ღამეს კი მთავრობა გამონაკლისს დაუშვებს, კერძოდ მოიხსნება ე.წ კომენდანტის საათი.

“ტოლერანტობის ინსტიტუტის ” სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელი, მაკო ღავთაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მიდგომა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მიმართ დისკრიმინაციულია და შეკრების აკრძალვა არასამართლიანია.

“სახელმწიფოს ლოიალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ არაერთხელ გვინახავს, ეს გამოჩნდა პანდემიის დროსაც. არ შეიძლება ამ ურთიერთობის გამო სხვა კონფესიის წარმომადგენლები დაჩაგროს და უთანასწოროდ მოეპყრას. სახელმწიფო არ შეიძლება პროცენტებით ითვლიდეს მოსახლეობას, არამედ უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოქალაქის საჭიროება. სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეკრების აკრძალვით შეზღუდოს რელიგიური მსახურება” – აღნიშნა ღავთაძემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი