შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

ავტორი: ნანა წულაია

შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა. ის არ ადასტურებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პირველი არხის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში იმყოფება და მას ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებია.

„ქალბატონ შორენას მეუფე ანტონთან ჰქონდა შეხება 3 რიცხვში. 4-ში დაუდასტურდა მეუფეს, რომელიც ახლა კლინიკაშია მოთავსებული. ეს რომ გავიგეთ, შორენა გადავიდა თვითიზოლაციაში თავისივე სურვილით და ექიმების რჩევით. ამჟამად იმყოფება თვითიზოლაციაში. ტესტირება ცოტა არ უყვარს, მაგრამ დავაძალებთ და ტესტირებაც გაკეთდება. ამის შემდეგ გვეცოდინება. ჯერჯერობით მას კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული, ვინაიდან თვითიზოლაციაში გადავიდა, ალბათ არასწორად გავრცელდა“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

პატრიარქის პირადი ექიმის თქმით, შორენა თეთრუაშვილთან ერთად, იზოლაციაში იმყოფება მისივე თანამშრომელი, რომლის პასუხი „კოვიდ-19“-ზე ჯერჯერობით უარყოფითია. ცისანა შარტავას განმარტებით, ინფიცირებულ მღვდელთმთავარს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.

„როგორც ვახერხებთ, ძალიან გამკაცრებული გვაქვს საპატრიარქოში ზომები. შორენაც სწორედ ამიტომ გადავიდა იზოლაციაში და დატოვა საპატრიარქოს რეზიდენცია“, – აღნიშნა ცისანა შარტავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი