შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღმის მასივში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ი.ჯ., ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი. ი.ჯ. დანაშაულს აღიარებს.

დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ვინაიდან ბრალდებული ი.ჯ. არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.”- ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი