“შეუძლებელია, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა პარლამენტში არშესვლას ტაში დაუკრან”– გიორგი კანდელაკი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“შეუძლებელია, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა პარლამენტში არშესვლას ტაში დაუკრან. ისიც შეუძლებელია, რომ არსებული ინსტიტუტების ფეხებზე დაკიდებისკენ მოგვიწოდონ. მაგრამ ეშმაკი დეტალებშია ” – წერს “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე ოპოზიციის ერთიანი ბოიკოტი საბოლოოდ უკვალოდ არ ჩაივლის და მოკავშირეების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” წნეხი გაიზრდება.

“იმის გათვალისწინებით რომ საქართველოსგან ასეთი მასშტაბის გაყალბებას არავინ ელოდა, გაყალბების მასშტაბის აღქმა, რასაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნაც მეტყველებს, მხოლოდ გაუმჯობესდება. არც ის ჩაივლის უკვალოდ რომ ოპოზიციის და ავტორიტეტული არასამთავრობოების პრაქტიკულად არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ჩაყრის ვიდეოზე „მოსამართლემ“ ისიც კი თქვა მე რა ვიცი რას ყრიდნენ, იქნებ ბიულეტინები არ იყოო). და როცა მთელი ოპოზიციური სპექტრის ამ ფარსში არშესვლა უკვე შემდგარი ფაქტი იქნება, ოცნებაზე წნეხი მნიშვნელოვნად გაიზრდება. შეუძლებელია ამ ყველაფრის ერთობლიობამ შედეგი არ გამოიღოს”– აღნიშნა კანდელაკმა ფეისბუქ–ზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი