“შანტაჟისა და მუქარის ტონი, არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას” – გიგი წერეთელი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ჯერჯერობით, რასაც ვისმენთ და რაც მოგვისმენია აქამდე, ძირითადად შანტაჟისა და მუქარის ტონი, ეს არანაირად არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას” – ასე გამოეხმაურა”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის  განაცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულ ოცნებას” უამრავი პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა აქვს და პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ იქნება ერთპარტიული.

წერეთელი ასევე ფიქრობს, რომ მხოლოდ კობახიძის სურვილი საკმარისი არ არის და ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

“ის, რა განცხადებაც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი კობახიძისგან, რომ ოპოზიცური პარტიები შევლენ პარლამენტში და არსებობს გარკვეული რესურსები თუ სვლები ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, თავისი სურვილით არის კარგი, მაგრამ, ამას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ნაბიჯები. „თუ სვლები და სურვილები ემსახურება იმას, რაზეც ოპოზიცია და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობს, რომ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტპატიმრებს და თუ ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი და ამაზე ფიქრობს ხელისუფლება, ეს არის კარგი. ასეთ შემთხვევაში, შანსი იმისა, რომ მოლაპარაკება შედგეს და ამის შემდეგ გარკვეული გადაწყვეტილებები ოპოზიციამ მიიღოს, არსებობს”- განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, კობახიძის განცხადებას, რომ სერგეი გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ, წერეთელმა არასერიოზული და მიუღებელი უწოდა.

“ძალიან ძნელია არასერიოზულ განცხადებებზე გააკეთო კომენტარი, არც სურვილი არ მაქვს. უბრალოდ, იმას ვიტყვი, რომ ამ წლების განმავლობაში, რამდენჯერ მოვისმინეთ ასეთი ტიპის კონსპირაციული თეორიები და ათასგვარი მოდელები, რითაც ოპოზიცია უკავშირდება რუსეთს. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და არასერიოზულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა 20 ივნისთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მესმის, რომ ეს აწუხებთ ამ ადამიანებს, მაგრამ სხვაზე გადაბრალება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, არაფრის მომტანი არ არის“ – აღნიშნა წერეთელმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი