„ქვეყანა ჩიხში შეიყვანა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, დღეს ყველა მხარე ვიწრო პარტიული ინტერესებიდან მოქმედებს, გამოსავალი მესამე ძალაა“ – აკაკი ბართაია

ავტორი: neopress.ge

„ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ და ამის მიზეზი არის ის, რომ ორივე მხარე მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობს და მოქმედებს. ვერცერთი მათგანი გამოსავალს ვერ შემოგვთავაზებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოსავალი არსებობს“ –  ასე განმარტა „ნეოპრესთან“ საუბარში ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, აკაკი ბართაიამ ახალ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებისა და კიდევ მეტად გაძლიერების აუცილებლობა. მისი თქმით, აქამდე არსებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა საზოგადოების თვალში ნდობა სრულად დაკარგა და მის აღსადგენად პოლიტიკურ ველზე სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უნდა გამოჩნდნენ.

„ნდობა – ეს წარმატებული ურთიერთობების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია. ნდობას კი მოპოვება სჭირდება. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი ატყუებს ამომრჩეველს, ეს უკანასკნელი მას აღარ ენდობა. მეორე ტყუილის შემთხვევაში ეს უნდობლობა წყენაში, ან გაბრაზებაში, ან  კიდევ უფრო უარესში –  აგრესიაში გადადის. აგრესიული ადამიანი კი უკვე ძალიან საშიში ხდება, როგორც პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ისე  საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. სწორედ ეს არის ამ არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განმაპირობებელი. მოდით, დავანებოთ თავი პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ველს, უბრალოდ, შევხედოთ სოციალურ ქსელს. ადამიანები ვეღარ საუბრობენ, ვეღარ კამათობენ, უბრალოდ, დგანან და ერთმანეთს ლანძღავენ… ეს ლანძღვა, რიგ შემთხვევებში, რეალურ პრობლემებსა და დაპირისპირებაში გადადის. და რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ეს ვითარებაა პოლიტიკურ ველზეც, რაც შემდეგ  ხვდება მასმედიაში და მისი გავლით –  საზოგადოებაში. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ამის შემდეგ ყველაფერი სწორედ მასზე, ანუ საზოგადოებაზე აისახება.

გამომდინარე აქედან, აუცილებელია კონსტრუქციული, ჯანსაღად მოაზროვნე ძალის არსებობა, რომელიც ხელისუფლებას ჯიბრში კი არ ჩაუდგება, უცენზურო სიტყვებით კი არ გალანძღავს, ყველა მის ქმედებას უმიზეზოდ და დაუსრულებლად კი არ გააკრიტიკებს, არამედ დაფიქრდება, შედეგებს გაანალიზებს, ქვეყნის ვითარებას გაითვალისწინებს. მსოფლიოში არსებულ სიტუაციიდან ამოვა და დასკვნებს ისე გამოიტანს, პრეტენზიასაც ამის გათვალისწინებით გამოთქვამს და  გამოსავალსაც სერიოზული ანალიზის საფუძველზე შესთავაზებს. ვფიქრობ, ჩვენ ახლა სწორედ ასეთ ძალას ვქმნით“ – აღნიშნა ბართაიამ.

შეგახსენებთ, რომ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ პრეზენტაცია დღეს, 9 დეკემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა და მასში 6 პოლიტიკური პარტია -სოციალური სამართლიანობისთვის, მომავალი საქართველო, ზვიადის გზა, შეცვალე საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა, რეფორმატორები – უკვე გაწევრიანდა. პარტიის ლიდერები, რომლებმაც მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს, გაერთიანებაში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც ელოდებიან.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი