“ქართულმა ოცნებამ” რომ გაიწიოს, მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩებიან სადისტი, თაღლითი და პოპულისტი – გია ვოლსკი

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“სულ რომ გაიწიოს “ქართული ოცნება”, ვინ რჩება მოლაპარაკების მაგიდაზე: სადისტი, თაღლითი, პოპულისტი და მე არ ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებს ამაზე ექნებათ პოზიტიური დამოკიდებულება” – ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ”ქართული ოცნებიდან”, გია ვოლსკიმ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, “ქართული ოცნებას” არ განიხილავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.

“რიგგარეშე არჩევნებზე მზაობა მმართველ გუნდში არ არის! – თუ გადავხედავთ წარსულს, ყოველთვის ასე იყო, არსებობს პოლიტიკური სასწორი, ერთ მხარეს არის ნაკლული პარლამენტი, ანუ ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს და მეორეზე დევს ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ამომრჩევლის მიმართ და ეს ჩვენს დაცვას ითხოვს. მეორე მხარეს ასევე დევს სტაბილურობა” – აღნიშნა ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გადაცემაში მანამდე სტუმრად მყოფ ოპოზიციონერებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ისინი სახელმწიფოს დაანგრევენ.

“თქვენმა სტუმრებმა რაც თქვეს, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოსო; გადახედეთ სულ რომ გაიწიოს ქართული ოცნება, ვირტუალურად წარმოიდგინეთ, ვინ შეიძლება, დარჩეს მოლაპარაკების მაგიდაზე – სადისტი, თაღლითი და პოპულისტი. არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ამომრჩეველს ამაზე პოზიტიური რეაგირება ექნებათ. რომ გადახედო გუშინ რას ამბობდნენ ერთმანეთზე და დღეს ამბობენ, რომ ერთნი არიან. სახელმწიფოს ხომ დაანგრევენ?!” – განაცხადა ვოლსკიმ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი