“ქართული ოცნება” პარლამენტში 90 დეპუტატით იქნება წარდგენილი

“ქართული ოცნების” 17-ვე კანდიდატმა მანდატი მოიპოვა. ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის მსგავსად ოპოზიციამ ახლაც უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, თუმცა მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა მილიონ-ნახევარზე მეტმა მოქალაქემ გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს წინასწარი შედეგები და როგორც მოსალოდნელი იყო ქართული ოცნების 17-ზე კანდიდატმა მოიპოვა მანდატები. შესაბამისად, “ქართული ოცნება” 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.” – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი მანდატები ამგვარად განაწილდება: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 36- მანდატი, “ევროპული საქართველო”- 5 მანდატი, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “პატრიოტთა ალიანსი” და “გირჩი”- 4-4 მანდატი, “მოქალაქეები”- 2 მანდატი, “ლეიბორისტული პარტია”-1 მანდატი.

“შედეგად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური პარტია და მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ პოლიტიკურ უმრავლესობას. ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. დარწმუნებულები ვართ, ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია.”

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი მხარდამჭერებისთვის მადლობის გადახდით დაასრულა. ის ამომრჩეველს ნდობის გამართლებას ჰპირდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი