„ქართული ოცნება“ ძალიან გონივრულ ნაბიჯებს დგამდა“ – ალეკო ელისაშვილი

ავტორი: ნანა წულაია

„უახლოეს მომავალში მეოთხე რაუნდი გაიმართება“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, იმ საკითხებზე, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ერთობლივ დოკუმენტს წარადგენენ.

„დღეს ძალიან შრომატევადი დღე გამოგვივიდა, თითქმის ექვსი საათი ვმუშაობდით. ნაწილზე, საკითხების თითქმის ნახევარზე, შევთანხმდით და რაზეც შევთანხმდით, იმაზე ვიმუშავეთ ძალიან დეტალურად, ძალიან გულდასმით. კარგი იყო, რომ ძალიან გონივრულ ნაბიჯებს დგამდა „ქართული ოცნება“, რაზეც შევთანხმდით იმ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დარჩა შეუთანხმებელი საკითხები, სადაც მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობაა, ცხარე დისკუსიაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე, ბოლოს შევთანხმდით, რომ რაზეც დღეს ვიმუშავეთ, რა საკითხებიც გავიარეთ, იმ დეტალებთან დაკავშირებით შეჯერებული პოზიცია გვექნება, შეჯერებულ, ერთობლივ დოკუმენტს წარმოვადგენთ. კიდევ დავუბრუნდებით ამ საკითხს და შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება უკვე მეოთხე რაუნდი. ვნახოთ, ეს საბოლოო რაუნდი იქნება, თუ კიდევ სამუშაო რაუნდი. ყოველ შემთხვევაში, ამაზე შეთანხმება გვაქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერი იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში მხარეები კონსენსუსამდე მივლენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი