ფრიდონ ინჯია – სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ინჯიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა ხელს აძლევს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”. ისინი ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ, რაც ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს.

„როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და მიგვაჩნია საჭიროდ, საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები. დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული მდგომარეობა. ამ ვითარებაში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად, პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია თითქოს ხელს უწყობს მათ ასეთ ქმედებას. აშკარაა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის კოაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მწვავედ ვაკრიტიკებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. „ნაციონალებს“ სურთ ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად ქვეყნის არევასა და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს. არც ერთი და არც მეორე არ არის სახელმწიფოებრივი და ის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდების ემიგრაციას სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს“, – განაცხადა ინჯიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი