ფინანსთა მინისტრი – ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ, იმარჯვებს საუკეთესო შემოთავაზების ავტორი

“ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და იგებს ის, რომელიც საუკეთესო შეთავაზებას აკეთებს – თუ ეს ჩინური კომპანიაა, რატომაც არა?”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა. ამ განცხადებით ივანე მაჭავარიანი პოლონეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. დიპლომატის თქმით, ევროკავშირის ფულით საქართველოში ჩინური კომპანიები ფინანსდებიან.

„როდესაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც დონორის ფულით ფინანსდება, არის არა მხოლოდ ევროკავშირის ფული, არამედ აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ყველა იმ პარტნიორის ფული, რომლითაც ეს საერთო ნაციონალური პროექტები ხორციელდება. ძალიან გამჭვირვალედ და ზუსტად გაწერილი პროცესია, როგორ უნდა მოხდეს ტენდერი, ეს ტენდერები ხდება იმ წესებით და სტანდარტებით, რომელსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. შესაბამისად, ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ ეს არის ჩინური კომპანია, რატომაც არა? თუ პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, დამერწმუნეთ, ტენდერში ისიც გაიმარჯვებს. შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, იმ სტანდარტებით, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათი წესებით და მათი მონიტორინგის ქვეშ ხდება ტენდერები და იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც საუკეთესოები არიან. არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.  ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საუკეთესო შეთავაზებით“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი