“ფაქტობრიბად, ეს ქვეყნის ჩაკეტვაა”– რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კოტე გაბრიჩიძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“არსებობს მოსაზრება, რომ ე.წ delivery ცვლის რესტორნის ბიზნესს. ეს არის აბსოლუტურად მოგონილი თემა. ადგილზე მიტანის სერვისი შედარებით განვითარებულია თბილისში,  თუმცა ბათუმსა და ქუთაისში ასეთი მომსახურება ფაქტობრივად არ არსებობს. 60% სარესტორნო ობიექტებისა არის თბილისის გარეთ, ამიტომ ჩავთვლოთ, რომ თბილისის გარეთ რესტორნები უბრალოდ აღარ არსებობს” – ამის შესახებ რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კოტე გაბრიჩიძემ ტვ–პირველის ეთერში ახალ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო რესტორნებში დასაქმებული ადამიანები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. ასევე პრობლემები შეექმნებათ ფართების მეპატრონეებთან, რომლებსაც ქირას ვერ გადაუხდიან.

“რესტორნები უნდა გადავიდნენ მიტანის სერვისზე, თუმცა ტრანსოპორტი მუშაობას წყვეტს. ამ ორს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი დაკარგულია. რესტორნის თანამშრომლები საკუთარი ავტომობილებით არ დადიან სამსახურში, მაშინ როგორ წარმოუდგენიათ კაფე–ბარებისა და რესტორნების მუშაობა? მე ასევე მაინტერესებს, როგორ იმუშავებენ სუპერმარკეტები, რომლებიც აკრძალული არ არის. ტრანსპორტის და ხალხის გარეშე ეს ობიექტები როგორ აპირებენ მუშაობას? მოდელირების ეს მექანიზმი მთავრობაში ჯერჯერობით არ ჩანს. ფაქტობრიბად, ეს ქვეყნის ჩაკეტვაა. 6 თვის განმავლობაში სარესტორნო ბიზნესს გადაუხდიან სესხის პროცენტს, მაგრამ სესხის ძირს როგორ გადავიხდით არ ვიცით. ამასთან, 90% რესტორნებისა არის ნაქირავებ ფართში. თუ ვერ გადავიხდით ქირას, მეპატრონისგან ზრდილობიანად მოყვება კარისკენ ხელის გაშვერა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიხურებით” – განაცხადა გაბრიჩიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, სარესტორნო ბიზნესი 28 ნოემბერიდან მთლიანად მიტანის სერვისზე გადადის. შეზღუდვების დაწესებამდე სფეროს წარმომადგენლები  შეხვედრებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და პრემიერთან მართავდნენ.  მათი განცხადებით, ნებისმიერი ახალი რეგულაცია სარესტორნო ბიზნესისთვის სრული “ლოქდაუნის” ტოლფასი იქნებოდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი