,,ტომი და ჯერი” ეკრანებს უბრუნდება – იხილეთ ტრეილერი

ავტორი: კატო მალანია

ფილმის პრემიერა 2021 წლის 5 მარტსაა დაგეგმილი. მხატვრულ ფილმში ყველა მსახიობი, გარდა ცხოველებისა, რეალურია — ანიმაციურ გმირებად მხოლოდ ტომი, ჯერი და სხვა ცხოველები რჩებიან.

“ყველა ადამიანის საყვარელმა კატამ და თაგუნამ დიდი გზა გამოიარეს მსოფლიოში და, როგორც იქნა, ნიუ-იორკშიც ჩამოვიდნენ”, — აცხადებს Warner Bros. ფილმის ოფიციალური ტვიტერის ანგარიშის საშუალებით.

ნიუიორკულ სასტუმროს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ქორწილი იგეგმება, ჯერი სტუმრობს, გაცეცხლებული მეპატრონე კი მის მოსაშორებლად ახალ თანამშრომელს, კაილას, ქირაობს, რომლის როლსაც ქლოი მორეცი ასრულებს. კაილა პრობლემის მოგვარებას უაპელაციოდ გადაულოცავს კატას, რომელიც, გაგიკვირდებათ და, ტომი აღმოჩნდება. და, აი, აქ კლასიკური კატათაგვობანაც იწყება.

ტომი და ჯერის ანიმაციას, რაც თავი მახსოვს, სულ ვუყურებდი. ჩემს ოჯახში იგი ყოველთვის გამორჩეულ შოუს წარმოადგენდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა მის საყურებლად ეკრანის წინ შეკრება”, — აღნიშნავს მორეცი.

მისივე თქმით, გადაღებებისას ყველაზე დიდ სირთულეს “არაფერთან საუბარი” წარმოადგენდა, რადგან ტომიც და ჯერიც, როგორც აღვნიშნეთ, ანიმაციურ გმირებად გვევლინებიან.

ფილმში ასევე მონაწილეობენ კოლინ ჯოსტი, კენ ჯანი, მაიკლ პენა და რობ დელენი, კინოსურათის რეჟისორი კი ტიმ სტორია. ეს იქნება პირველი შემთხვევა 1992 წლის შემდეგ, როცა ფილმი ტომი და ჯერის მონაწილეობით, დიდ ეკრანზე გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ დათქმულია პრემიერის თარიღი, მან შესაძლოა, გადაიწიოს, რადგან ამჟამად აშშ-სა და ევროპაში კინოთეატრები კვლავ დახურულია.

იხილეთ თრეილერი

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი