“ტერორისტებმა არ უნდა უკარნახონ მთავრობებს რა კანონი მიიღონ”– ოთო კახიძე მიკროსაფინანსოზე თავდასხმას ეხმაურება

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ის, რომ ადამიანები ბედავენ პოლიციის შენობის ახლოს, პირდპირ ეთერში აიყვანონ მძევლები და მოთხოვნები წაუყენონ სახელმწიფოს, არის ქვეყანაში არსებული ზოგადი კლიმატის ბრალი” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთმა წევრმა, ოთო კახიძემ “ფორმულას” ეთერში მიკროსაფინანსოში შეიარაღებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება გარიგებაშია კრიმინალურ სამყაროსთან და მსგავს თავდასხმებს მთავრობა მკაცრს პასუხს არ სცემს.

“ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად აცხადებს, რომ კრიმინალის ზრდას უნდა მოვეკიდოთ გაგებით და გავიჭირვოთ. ეს თქვა ივანიშვილმა და შემდეგ გაფორმდა კონტრაქტი კრიმინალურ სამყაროსთან. მათ წინასაარჩევნოდ იყენებენ, მფარველობენ ქურდებს და აცილებენ საზღვარზე. ამ ყველაფრის შესაბამისი გარემო არის ქვეყანაში შექმნილი. როდესაც ზუგდიდში მოხდა ბანკზე თავდასხმა, ჩატარებული სპეცოპერაცია ჩაითვალა წარმატებულად, ნახევარი მილიონი გაატანეს მძარცველს. ეს ფაქტობრივად იყო კაპიტულაცია კრიმინალის მიმართ და პოლიტიკურ დონეზე იმის დეკლარირება, რომ სახელმწიფო მზად არის ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილოს ყაჩაღს. როდესაც თავდამსხმელი აიყვანს მძევლებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების სიცოცხლე უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ სახელმწიფო მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ასეთი ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რომ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები. თუ ასეთი პოზიცია არ აქვს სახელმწიფოს, მაშინ ხვალაც და ზეგაც მოხდება მსგავსი მოთხოვნების წაყენება. ახლა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მძევლების დასასხნელად. მაგრამ მძარცველის  მოთხოვნები და ის, რომ ზოგიერთი მძევალი ეთანხმება მას, ასახავს ქვეყანაში შექმნილ ძალიან მძიმე ვითარებას. ტერორისტებმა არ უნდა უკარნახონ მთავრობებს რა კანონი მიიღონ. ეს არის სრულიად არანორმალური სიტუაცია.  პარლამენტმა უნდა აკეთოს თავის საქმე, მაგრამ გაყალბების გამო ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა, პოლიციამ უნდა დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამის ნაცვლად შეშას დასდევენ. მართლმასჯულების სისტემა უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ამწყვდევს, იმის გამო რომ ვიღაცამ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. ივანიშვილის დაცვად არის გადაქცეული ჩვენი ინსტიტუტები, რომლებიც უკვე მორღვეულია” – განაცხადა ოთო კახიძემ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსოში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს–ის ინფორმაციით მას 9 მძევალი ჰყავს აყვანილი. თავდამსხმელს სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური მოთხოვნები აქვს. კერძოდ: აზარტული თამაშების აკრძალვა, ბანკების მიერ სესხის  7%–ში გაცემა  და ფარმაცევტული კომპანიებისთვის მხოლოდ 10%–ის მოგების უფლების მიცემა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი