სუს: საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები” – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული ქმედება “მორიგი დესტრუქციული ნაბიჯია” და შესაბამისი სამსახურები უკვე ინფორმირებულნი არიან შემთხვევის შესახებ.

იხილეთ განცხადება სრულად:

“მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები.

საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები” – წერია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი