სპეციალური პენიტენციური სამსახური: ეპიდვითარებიდან გამომდინარე, პატიმრებისთვის საშეღავათო პირობები მარტიდან მოქმედებს

ავტორი: ნანა წულაია

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში რამდენიმე ადვოკატის ინიციატივის საპასუხოდ, რომ პანდემიის პირობებში მსჯავრდებულების მიმართ გარკვეული შეღავათები დაწესდეს, აცხადებენ, რომ შეღავათები უკვე მოქმედებს.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საშეღავათო პირობები ჯერ კიდევ მარტიდან მოქმედებს. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება, რომლითაც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესი განისაზღვრა პანდემიის პირობებში იმ მსჯავრდებულთა მიმართ, ვისი ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილება. კერძოდ, მოიხსნა ის ექვსთვიანი შეზღუდვა, რომელიც გათვალისწინებულია პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით და მსჯავრდებულებს მიეცათ საშუალება, ვადამდე გათავისუფლების საკითხზე ადგილობრივი საბჭოებისთვის მათი საკითხის განხილვის მიზნით მიემართათ ყოველთვე.

„კოვიდ-19“-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიმდინარე წლის მარტიდან კომპლექსურ პრევენციულ ზომებს მიმართავს, რათა ვირუსმა პენიტენციურ დაწესებულებებში არ შეაღწიოს. საბედნიეროდ, პრევენციულმა ზომებმა კარგად იმუშავა და დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან პენიტენციური სამსახური პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ღებულობს. ეს არის დინამიური პროცესი და ბოლო ცხრა თვის მანძილზე სხვადასხვა დროს პენიტენციური სისტემის მართვის სხვადასხვა მოდელი და თანამშრომლებისთვის განსხვავებული სამუშაო გრაფიკები იქნა შემოღებული. ამასთან, თუკი თავიდან, 2020 წლის 5 მარტიდან ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ყველა სახის პაემნის უფლება შეუჩერდათ, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის შემსუბუქებასთან ერთად, პენიტენციურ სისტემაში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. კერძოდ, 20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათის მიღება აღდგა, ხოლო 25 მაისიდან – ხანმოკლე პაემნები, მხოლოდ მინის ბარიერის გამოყენებით. აღარ დავიწყებთ იმ პრევენციული ზომების ჩამოთვლას, რასაც პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის მარტიდან მიმართავს. მხოლოდ იმას გავუსვამთ ხაზს, რომ ეპიდსიტუაციის შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, პენიტენციურ სისტემაში პრევენციული ზომები გაძლიერდა, ხოლო მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან ბრალდებულ/მსჯავრდებულებს კვლავ შეუჩერდათ ხანმოკლე პაემნების უფლება (2021 წლის პირველ იანვრამდე) და აიკრძალა პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების შეგზავნა (მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე). მართალია, არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ამ დრომდე პატიმრებთან ხანმოკლე პაემნები მინის ბარიერის მიღმა იმართებოდა, მაგრამ როგორც პაემანზე მისულ, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათის შეგზავნა პირს უწევდა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა, მთელი რიგი პროცედურების გავლა და შესაბამისად, უშუალო კონტაქტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან. აქედან გამომდინარე, მოცემული შეზღუდვების დაწესება პენიტენციურ დაწესებულებებში მიმსვლელ პირთა ნაკადის მაქსიმალურად შეზღუდვას ისახავს მიზნად, რათა ვირუსმა დაწესებულებებში არ შეაღწიოს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ყველა ჩამოთვლილი შეზღუდვა, ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ვირუსისგან დაცვის მიზნით არის შემოღებული და მართალია, ამის გამო მათ გარკვეული უფლებები ეზღუდებათ (როგორიც არის პაემნის უფლება), მაგრამ პრიორიტეტი პატიმრების ჯანმრთელობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ამიტომ, ცხადია, შეზღუდვებს ახლავს დისკომფორტი, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები სწორედ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით არის მიღებული.

რაც შეეხება მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არსებული შეზღუდვების ფონზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, გარკვეულ აქტივობებს შეუწყოს ხელი. ამასთან, სამსახური ითვალისწინებს იმასაც, რომ პაემნების უფლების შეჩერებიდან გამომდინარე, პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ დამძიმდეს და ისინი საჭიროების შესაბამისად სარგებლობენ სათანადო ფსიქოლოგიური მომსახურებით.

რაც შეეხება პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმს, როგორც ზემოთ აღინიშნა, პანდემიის პერიოდში იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ეპიდსიტუაციის შესაბამისად იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი ასეთი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება, რომლითაც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესი განისაზღვრა პანდემიის პირობებში იმ მსჯავრდებულთა მიმართ, ვისი ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილება. კერძოდ, მოიხსნა ის ექვსთვიანი შეზღუდვა, რომელიც გათვალისწინებულია პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით და მსჯავრდებულებს მიეცათ საშუალება, ვადამდე გათავისუფლების საკითხზე ადგილობრივი საბჭოებისთვის მათი საკითხის განხილვის მიზნით მიემართათ ყოველთვე. მოცემული ნორმა დადებითად აისახა მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების პროცესსა და სტატისტიკაზე. შედეგად, 2020 წლის მარტიდან პირველ აგვისტომდე (ბრძანების მოქმედების ვადაში), 249 მსჯავრდებულს პატიმრობა შეეცვალა შინაპატიმრობით და მათზე ელექტრონული მონიტორინგი დაწესდა. შედარებისთვის, 2019 წლის იმავე პერიოდში, შინაპატიმრობა გამოყენებულ იქნა მხოლოდ 81 მსჯავრდებულის მიმართ.

2020 წლის მარტიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში, პირობით ვადამდე გათავისუფლდა 804 პატიმარი. შედარებისთვის, 2019 წლის იმავე პერიოდში, ეს მაჩვენებელი 629 მსჯავრდებულს შეადგენდა.

ამდენად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა ამ საკითხზე იფიქრა და შესაბამისი ზომები მიიღო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე და ამიტომ ახლა პრემიერ-მინისტრისთვის მიმართვა და ამ საკითხის დაყენება, არც დროული და არც რელევანტურია. ზემოთ ხსენებული ბრძანების საფუძველზე მოხდა პანდემიის პერიოდში საპატიმროების განტვირთვა, ამასთან მსჯავრდებულთა საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაზეც მოცემული სტატისტიკა მეტყველებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, პანდემიის პირობებში სპეციალური პენიტენციური სამსახური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედებს და თუ კვლავ იარსებებს ამის საჭიროება, ზემოთხსენებული მექანიზმი ისევ ამოქმედდება“, – განაცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი