საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და “გუდვილი” საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” ერთად სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და Covid-19 დადასტურებული სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად კამპანიას იწყებს. ამის შესახებ განცხადებას წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

“გუდვილის” ქავთარაძის ფილიალში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და ასე მიიღონ მონაწილეობა საქველმოქმედო კამპანიაში.

“დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საქველმოქმედო კამპანია ჰიპერმარკეტების ქსელ “გუდვილში”, კერძოდ ქავთარაძის ფილიალში დაიწყო. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ აღნიშნული პროექტი “გუდვილთან” ერთად გაზაფხულზე, როდესაც მოქალაქეების მაღალი აქტივობით შეგროვდა ამანათების ძალიან დიდი რაოდენობა და საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების თავდაუზოგავი შრომით ჩვენ შევძელით უამრავი ადამიანის დახმარება ქვეყნის მასშტაბით.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოხალისეებს ფასდაუდებელი შრომისთვის რასაც ყოველდღიურად გასწევენ ჩვენი ჰუმანიტარული მისიის განხორციელებისათვის და მოვუწოდო ყველა ჰიპერმარკეტს ჩაერთონ ამ საქველმოქმედო კამპანიაში რათა დავეხმაროთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეებს “ – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

ფოტო: IPN

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი