„საქართველოს ტერიტორიიდან არცერთ მეზობელს არ უნდა შეექმნას საფრთხე, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“-ირაკლი გოგავა

ავტორი: შორენა პირველი

სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის ჩამოყალიბებას საქართველოში მაიკ პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი მოჰყვა. აშშ-ის გზავნილი-„მეტი ამერიკა საქართველოში“ აჩვენებს, რომ  შტატები რეგიონში თავისი უკანასკნელი პლაცდარმის გამაგრებისთვის იბრძვის. ამ კონტექსტში ჯდება პომპეოს შეხვედრა პატრიარქთან, ყველაზე უფრო რეიტინგული ინსტიტუციის, საპატრიარქოს წიაღში.

ნიშნავს თუ არა შექმნილ ვითარებაში პომპეოს  საქართველოში ვიზიტი იმას, რომ შეერთებული შტატებისთვის, როგორც არარეგიონალური აქტორისთვის სამხრეთ კავკასიაში, მოვლენები სახიფათოდ იცვლება? რა მოიგო თურქეთმა აქტიური გეოპოლიტიკური თამაშის შედეგად? იმედის მომცემია თუ არა ყარაბაღის პრეცენდენტი საქართველოსთვის? რატომ შეხვდა პომპეო პატრიარქს და არა  ოპოზიციას? არსებობს თუ არა საქართველოში რეალურად პოლიტიკა? ამ საკითხებზე neopres-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირაკლი გოგავა ესაუბრება:

-ბატონო ირაკლი, როგორია თქვენი შეფასება მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა სპეციფიურ ვითარებაში, გარდამავალ პერიოდში, როდესაც შეერთებულ შტატებში ჯერ არ არის გარკვეული თუ ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი.  ეს ფაქტი ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს გარშემო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება?

-უდავოდ, ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაკ პომპეოს დაგეგმილი ჰქონდა ტურნე საფრანგეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.  ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მან საქართველოც ჩართო თავის პროგრამაში, სულ შვიდ ქვეყანას ესტუმრა, მათ შორის, თურქეთსაც. ჩვენ ვიცით, რომ ყარაბაღის პროცესებში ისტორიულად თურქეთიც და საფრანგეთიც მონაწილეობდნენ. ამიტომ   მას ჰქონდა  შეხვედრა მაკრონთან და საქართველოსაც ეწვია. შეერთებულ შტატებში საკმაოდ დიდია სომხური დიასპორა და ეს ვიზიტი ერთგვარი მესიჯი იყო მათთვისაც, რომ რეგიონში შეერთებული შტატებიც არსებობს.

– პომპეოს მიერ გაჟღერებული მესიჯებიდან ჩანს, რომ სტრატეგიული მოკავშირეობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო უნდა განმტკიცდეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი  იზოლაციონისტია და  წინა პლანზე რეგიონალური გადანაწილების პოლიტიკამ წამოიწია, გაჩნდა ეჭვი, ხომ  არ ტოვებს შეერთებული შტატები საქართველოს- თავის ბოლო პლაცდარმს კავკასიაში? რამდენად აქვს ამ ეჭვს საფუძველი?

-მე არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები გადის, ვიზიტი სწორედ იმის დადასტურებაა, რომ მას  რეგიონში ჰყავს მოკავშირე, საქართველოს სახით. მთიანი ყარაბაღის გარშემო დატრიალებული მოვლენები იყო სამი ძალის-რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტი, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ითვალისწინებდა. საქართველოსთვის ეს ლეგიტიმიური პროცესია, რადგან გვაქვს იგივე პრობლემა, რაც ჰქონდა აზერბაიჯანს, ჩვენი მიწებიც ოკუპირებულია.

-ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შედეგად რუსეთი გეოპოლიტიკურად დაწინაურდა, მაგრამ  რა შედეგი დადგა თურქეთისთვის რეალურად? ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები ასებობს. როგორ ფიქრობთ, თურქეთი პროცესების შედეგად განზე გაწია რუსეთმა, თუ მაინც მოახერხა და ასე ვთქვათ,  ფეხი ჩადგა რეგიონში?

– იცით, როგორ არის, აზერბაიჯანმა უდავოდ წარმატებას მიაღწია, მან ყარაბაღის მიღმა  შვიდი ოკუპირებული რაიონი და ასევე ყარაბაღის ნაწილი დაიბრუნა. ეს ყველაფერი გააკეთა ისე, რომ არ ჩაუტარებია ეთნიკური წმენდა, არ შეუტია სტეფანაკერტს, თუმცა აიღო ისტორიული ქალაქი-შუშა. საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანისთვის წარმატებული ოპერაციაა, რუსეთისთთვის კი-იდეალური. რუსებმა მიიღეს სამხედრო ბაზა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. თურქეთის ფაქტორს რაც შეეხება, თურქული სადამკვირვებლო მისია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება, თუმცა ვერ გეტყვით, რა ფუნქცია-მოვალეობები ექნება. გამომდინარე ისტორიული პროცესებიდან, სომხური მხარისთვის თურქეთის საჯარისო ნაწილები ნეიტრალურ მხარედ ვერ აღიქმება.

-ერთ მხრივ, ყარაბაღის პრეცენდენტი ჩვენი ქვეყნისთვის იმედის მომცემია, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთის ცალსახა დომინანტობა და გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში ხომ არ ქმნის დამატებით საფრთხეებს საქართველოსთვის?

-მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დადებითია, ვინაიდან საერთო ჯამში მშვიდობას განამტკიცებს, ანუ, გადატვირთვა მოხდა მშვიდობის სასიკეთოდ. ყარაბაღის  კონფლიქტიდან გამომდინარე რეგიონში ინვესტიციების მოზიდვა და გლობალური სამმხრივი პროექტების განხორციელება ერთგვარად  შეზღუდული იყო. თუ ვივარაუდებთ, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები მომავალში აღდგება, ეს  სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკურ კლიმატს და პოლიტიკურ განწყობებს  გააუმჯობესებს. მე მომხრე ვარ ამიერკავკასიაში ერთგვარი მინიევროკავშირის ჩამოყალიბების, რაც ისტორიულად იყო და ამართლებდა კიდეც. მეორე მხრივ, ის რომ კონფლიქტი მოგვარების ზღვარზეა, აზერბაიჯანს უბრუნდება მასზე კონტროლი და სამშვიდობო ოპერაციაც მიმდინარეობს- ეს აუცილებლად გამოიწვევს ექოს საქართველოშიც. უკვე გაჟღერდა ინიციატივა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის თაობაზე, ანუ, საქართველოს გავლით აფხზეთი-სომხეთის მარშრუტის აღდგენაზე. ეს ჩვეთვის  ეკონომიკურად მომგებიანია. ჩვენ ვიცით, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით ქართველები და აფხაზები თანამშრომლობენ, თუ რკინიგზა გაიხსნა, ქართველები და აფხაზები ამ საკითხშიც ითანამშრომლებენ და საერთო ჯამში ეს დევნილების დაბრუნების წინაპირობა გახდება. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ალბათ მშვიდობიანი გზები უნდა ვეძებოთ ეთნიკური კონფლიქტების თუ ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების კუთხით.

– ქართველი პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების ჯგუფმა მოითხოვა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება, რასაც ფაქტიურად, მხარს უჭერს მთელი ლიბერალური სექტორი. რამდენად რეალური და ადეკვატურია ეს წინადადება და როგორი შეიძლება იყოს პასუხი შეერთებული შტატების მხრიდან?

-პასუხი არის ისეთი, რომ პასუხი არ არის. მოთხოვნა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ გათვლა არის საჭირო. ამოცანა არის შემდეგი-ჩვენ სახელმწიფოებრიობის გარანტიებისთვის აქ გვჭირდება რაღაც სისტემის ნაწილის ყოფნა. ეს სისტემის ნაწილი შეიძლება იყოს ნატო, მაგრამ არ გვიღებენ. შესაძლებელია იყოს ორმხრივი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ეს აქვს ისრაელს, მაგრამ ამერიკის ბაზები ისრაელში განლაგებული არ არის. ბევრი მოდელი არსებობს. ჩვენ ათწლეულებია ვსაუბრობთ ნატოზე. მე მაგალითად, ვარ პირველი დეპუტატი, რომელმაც ევროკავშირისკენ და ნატოსკენ ინტეგრაციის შესახებ საქართველოს ისტორიაში პირველი რეზოლუცია შეიტანა საქართველოს პარლამენტში. 2000 წელს ეს რეზოლუცია პარლამენტმა მიიღო. ასევე ვითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ ნატოს ევროპელი წევრების დარწმუნება ჯერჯერობით ვერ ხერხდება ნატოში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე. 2008 წლის შემდეგ რუსეთმა განიმტკიცა თავისი ბაზები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. მას მერე ჩვენი პერსპექტივები აშკარად შემცირებულია, შეინიშნება საკუთრივ ნატოს ინტერესის განელებაც. ამიტომ უნდა ვეძებოთ სხვა გზები, თუ როგორ უზრუნველვყოთ ქართული საზოგადოების დაცვა. მე ადრე მაქვს გამოქვეყნებული „სამი სტრატეგია“, რომელიც შესაძლოა, პანაცეა არ იყოს, მაგრამ ერთ-ერთი სამსჯელო თემაა. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შემდეგი- საქართველოს ტერიტორიიდან არცერთ მეზობელს არ უნდა შეექმნას საფრთხე, თუ ეს იქნება გათვალისწინებული, მე ვფიქრობ, შესაძლებელია ახლო მომავალში  მრავალდონიანი შეთანხმება  იქნას მიღწეული. სხვა შემთხვევაში ბევრი რისკებია და შესაძლოა, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამიტომ ასეთ საკითხებში რუსეთთან მეტი სიფრთხილეა საჭირო.

-პომპეო არ შეხვდა ოპოზიციას და ე.წ. ენჯეო სექტორს, მაგრამ ხვდება პატრიარქს. რაზე მიანიშნებს ეს გზავნილი?

-პატრიარქი უდავოდ, ლიდერია საქართველოში. ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ნდობა. საპატრიარქო ეროვნული გონის ნაწილია  და მაიკ პომპეოს მოთხოვნა პატრიარქთან შეხვედრის თაობაზე სწორედ ამას უსვამს ხაზს. ის, რომ სახელმწიფო მდივანი ოპოზიციურ პარტიებს არ შეხვდა, ერთგვარი მესიჯია. როგორც ჩანს, პომპეო დღევანდელ ქართული ოპოზიციას სერიოზულ ძალად არ მიიჩნევს,  მითუმეტეს, იმ მოვლენების ფონზე, როდესაც ისინი რადიკალიზაციას და ბოიკოტს ცდილობენ.  საპატრიარქოსთან შეხვედრა კი ლოგიკურია. ჩვენ გვახსოვს მაღალი რანგის შეხვედრები იმართებოდა სამეცნიერო წრეებთან, უნივერსიტეტებთან. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია ბოლო ათწლეულებია შესუსტდა, ამ დროს კი ეს ინსტიტუტები ეროვნული გონის შემადგენელი ნაწილია, ისევე, როგორც საპატრიაქრო და ძალიან ცუდია, რომ მათთან ლიდერების შეხვედრები აღარ ხდება. საპატრიარქოს უჭირავს ქართველი ერის სულიერი ლიდერის პოზიცია და ის სარგებლობს უმაღლესი ნდობით ქართულ საზოგადოებაში.

შეერთებულ შტატებში ჯერაც არ არის გადაწყვეტილი ვინ გახდება პრეზიდენტი, ამ დროს კი ჩვენმა ხელისუფლებამ ჯო ბაიდენს ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა გამარჯვება. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ამ ქმედებას?

-ბაიდენს მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა მიულოცა, ზოგმა წარმატებული კამპანია, ზოგმა -არჩევა, მაგრამ რეალურად არჩეული პრეზიდენტი ოფიციალურად არ არის დადასტურებული და 14 დეკემბრამდე არც იქნება. სხვათაშორის, იმ ოფიციალურ წერილებს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს, მაიკ პომპეო არცერთ კანდიდატს არ გადასცემს.

-საქართველოს შიდა პოლიტიკასა და ოპოზიციის ბოიკოტზე რას ფიქრობთ?

-მე ვფიქრობ, რომ საქართველოში პოლიტიკა არ არის!

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი