„საქართველოს სურვილია აშშ-ის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური სფეროში” – დავით ზალკალიანი

ავტორი: ნანა წულაია

„მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ვსაუბრობთ იმ დროის ფაქტორისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში სწრაფად ვითარდება” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან”  განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის გარეშე საქართველო გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიო გზავნილი გააჟღერა, რომ საქართველოს სურვილია ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმოდგენა ვიხილოთ საქართველოში. ეს პირველ რიგში, გულისხმობს აშშ-ის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მართლაც უმაღლეს ნიშნულზე ავიდა ჩვენი ურთიერთობა და გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დახმარების გარეშე, ვერ გავუმკლავდებით იმ საფრთხეებს, რომელიც ჩვენ წინაშეა და ამიტომ აშკარაა, რომ ეს ყველაფერი არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე, ეკონომიკური განზომილება. მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამაზეც იყო საუბარი, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ფასდაუდებელი იყო ამერიკის ჩართულობა და დახმარება, როგორც ფინანსური, ისე ლუგარის ლაბორატორიით, რომელიც მათ აღმოგვიჩინეს. ამის გარეშე ჩვენ ვერ გავუმკლავდებოდით ამ გამოწვევებს. ასევე, უსერიოზულესი გამოწვევები გველის ეკონომიკის რეაბილიტაციის კუთხით. ეკონომიკის რეაბილიტაცია ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია და ამ ყველაფერზე იყო საუბარი, რა ნაბიჯებია გადასადგმელი.

ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ვსაუბრობთ იმ დროის ფაქტორისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ძალიან დინამიურად და სწრაფად ვითარდება. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ პროცესებს და არ უნდა დავიგვიანოთ. ამიტომ ჩვენ ამაზე დეტალურად გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რადგან ყველა ძირითადი მიმართულებით გვქონდეს კონკრეტული შედეგები. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა წავიდეთ, ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა და ამას თანმიმდევრულად აუცილებლად განვახორციელებთ, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი