‘’საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია’’ – დავით ზალკალიანი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’მოგეხსენებათ, გუშინ ერთხმად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია. 2014 წელს მიიღო საქართველომ უელსის სამიტზე ნატოს არსებითი პაკეტი, რომელიც 14 პროგრამისგან შედგებოდა, პროგრამების რაოდენობა გაიზარდა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა კომპონენტები.’’ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან ნატოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზისკენ წარმატებით მიდის.

‘’არსებითი პაკეტი აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოვებს ნატოს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით და გუშინდელ შეხვედრაზე თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.’’ – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, გუშინ, მინისტერიალზე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქ საუბარია ასპირანტ ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავებასა და მოლაპარაკებების მაღალ დონეზე გადასვლაზე.

‘’კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მინისტერიალზე არის ის სტრატეგიული დოკუმენტი , რომელიც შემუშავებულია ნატოს შესაბამისი ექსპერტების მიერ, ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატოს სამომავლო პერსპექტივებს, თუ რა მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში საქართველო ნახსენებია. იქვე არის მინიშნება, რომ ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.’’ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი