საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთში გაემგზავრა

ავტორი: კახი კახეთელიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთში გაემგზავრა, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკციო ტურნირის 2 მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში შვეიცარიას ეთამაშება. ეს გახლავთ ფიბა-ს მიერ კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატი, რაც ერთი შესარჩევი ჯგუფის მთლიანი ფანჯრის თამაშების ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში ჩატარებას გულისხმობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებულია, რაც ნაკრებში რამდენიმე მოთამაშის ჩამოუსვლელობითაა განპირობებული. ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა,  გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა გაურთულდა ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი გასიებული აქვს და ფინეთში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გამოირიცხა. ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

საქართველოს ნაკრები თბილისიდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელით გაემგზავრა. ესენი არიან: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქარიაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე.

ნაკრებს ფინეთის დედაქალაქის აეროპორტში დახვდა ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე, თად მაკფადენი, ხოლო სასტუმროში – გიორგი შერმადინი. ჰელსინკიში სადილისთვის ჩამოვიდნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტი – ილიას ზუროსი და გიორგიოს ლიმნიატისი, ასევე საფრანგეთში მოთამაშე გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე. საქართველოს ნაკრებს დაეხმარება მისი კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ფინეთში 27 ნოემბერს ჩავა და ორივე საკვალიფიკაციო შეხვედრას ითამაშებს.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი