‘’სამწუხაროდ, კორონავირუსის პიკს დაემთხვა აქტივობები’’ – პაატა იმნაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ხალხის აქტივობამ კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ველოდებით ინფიცირებულთა მატებას, დაახლოებით 2–3 კვირის განმავლობაში სტატისტიკა გაიზრდება, შემდეგ ველოდებით კლებას, მაგრამ არა მნიშვნელოვანს.’’ – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ‘’იმედის’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, აუცილებელია ხალხმა პირბადე ატაროს და დაიცვას დისტანცია, რადგან ამ რეალობაში ეს ერთადერთი საშუალებაა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ასევე აღსანიშნავია იმ ადამიანების როლი ვირუსის გავრცელებაში, ვისაც უსიმპტომოდ გადააქვს კორონავირუსი.

‘’დაინფიცირებულთა იმ რიცხვში, რასაც ჩვენ ვადასტურებთ, არის სიმპტომებიანი ხალხი. რეალურად, ინფიცირებულთა რიცხვი ორჯერ მეტია, უბრალოდ ისინი არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს და მათი დიაგნოსტიკა არ ხდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა წესის დაცვა, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აქვთ, არიან ვირუსის გამავრცელებლები. აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს დაავადება პრობლემის გარეშე გადაიტანა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მსხვერპლი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კაცობრიობამ ვერაფერი სხვა ვერ დაუპირისპირა ვირუსის გავრცელებას, ხალხმა უნდა ატაროს პირბადე და დაიცვას დისტანცია.’’ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი