სალომე ზურაბიშვილი – არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას

ავტორი: ნანა წულაია

„ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება” – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ჩოხატაურში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას ჩრდილი მიაყენოს.

„მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით.

ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი