‘’სავაჭრო ობიექტების გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება-მინიმიზაციაზე გვექნება სერიოზული მსჯელობა’’ – ნათია თურნავა

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„ჩვენთვის, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დიდი ინდუსტრია – ვაჭრობა, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს და მათი შემოსავლები დიდად არის დამოკიდებული წინასაახალწლო ვაჭრობაზე, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ვუფრთხილდებით იმ პირველ მონაპოვარს, რაც მოიტანა წერტილოვანმა შეზღუდვებმა – ვხედავთ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სექტორმა ახლა უფრო შვებით ამოისუნთქა და ნაკლებია გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მაღაზიების გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება-მინიმიზაციაზე გვექნება სერიოზული მსჯელობა.’’ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათა თურნავამ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან გაიმართა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გადაწყდება 24 დეკემბრიდან სავაჭრო ობიექტების გახსნა, მიღებული იქნება უსაფრთხოების ისეთი ნორმები, რომელიც არ დაუშვებს ობიექტების ზედმეტ გადატვირთვას.

„სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის საკითხები, რა თქმა უნდა, წყდება სხვა დონეზე – საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა თავად სავაჭრო ობიექტებისგან, შოპინგ-მოლებისგან, თუ რამდენად მზად არიან ისინი, რომ 24 დეკემბერს გახსნის შემთხვევაში, არ დაუშვან ობიექტების ზედმეტი გადატვირთვა; ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები; აჟიოტაჟური მოხმარება, რისი მომსწრეებიც, სამწუხაროდ, ნოემბერში გავხდით. მათგან მოწოდებულ ყველა არგუმენტს, რა თქმა უნდა, მოვახსენებ უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.” – აღნიშნა ნათია თურნავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი