რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის მთიან ყარაბაღში განთავსების პროცესი დასრულებულია

ავტორი: კატო მალანია

რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის მთიან ყარაბაღში განთავსების პროცესი დასრულებულია – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, სომხეთში მთლიანობაში, 250 ავიარეისი განხორციელდა, რის შედეგადაც რეგიონში 1960 ადამიანი და 552 ერთეული ტექნიკა ჩაიყვანეს. განთავსებულია 23 სადამკვირვებლო პოსტი.

„სამშვიდობო ოპერაციის ხელმძღვანელობისთვის განთავსებულია მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ვითარების ცვლილების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება მოხდეს“ , – განაცხადა შოიგუმ.

მისი თქმით, ლაჩინის დერეფანი და მთიანი ყარაბაღის ტერიტორია რუსი სამშვიდობოების სრული კონტროლის ქვეშ არის, დერეფნის ტერიტორია და სტეპანაკერტამდე გზის მონაკვეთი, რომლის სიგრძე 28 კილომეტრია, სრულიად არის გასუფთავებული ფეთქებადი საგნებისა და დაზიანებული ტექნიკისგან.

შოიგუს ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან უზრუნველყოფილია სტეპანაკერტში 4436 დევნილის დაბრუნება. 17 ნოემბრიდან კი გახსნილია სამოქალაქო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი