რომანი ,,ლაზიერის გამბიტი” ქართულად ითარგმნება

ავტორი: კატო მალანია

ამერიკელი მწერლის, უოლტერ ტევისის, რომანი “ლაზიერის გამბიტი”, რომლის მიხედვითაც გადაღებული გახმაურებული სერიალი წლეულს ნეტფლიქსზე გამოჩნდა, ქართულ ენაზე ითარგმნება.

წიგნზე საავტორო უფლებები გამომცემლობა პალიტრა L-მა მოიპოვა.  გამომცემლობის წარმომადგენლების განცხადებით, რომანს ქართულენოვანი მკითხველი 2021 წლის მაისში გაეცნობა.

1983 წელს გამოცემული რომანის გაყიდვები განსაკუთრებით გაიზარდა სერიალის გამოსვლის შემდეგ, თუმცა იგი მკითხველის სიმცირეს აშშ-ში არც მანამდე უჩიოდა. წიგნში მთავარი გმირი გამოგონილი პერსონაჟი, გამორჩეული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ბეთ ჰარმონია, რომელიც 16 წლის ასაკში უკვე აშშ-ის მოჭადრაკეების ღია პირველობისთვის იბრძვის.

წიგნის ავტორის თქმით, რომანი ერთგვარი ძღვენი იყო მახვილგონიერი ქალებისათვის, თუმცა ფემინიზმის თემასთან ერთად, ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის ნაწარმოებში წამოჭრილია ისეთი საკითხები, როგორიც ნარკოდამოკიდებულება და ალკოჰოლიზმია.

აღსანიშნავია, რომ ეკრანიზაციის მსგავსად, კრიტიკოსების და მკითხველების დადებითი გამოხმაურება ხვდა წილად პირველწყაროსაც — წიგნის რეიტინგი Goodreads-ზე 4,24 არის.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი