„როგორც პირველკლასელი ვერ გახდება მეცნიერებათა დოქტორი, ისე ახალი პარტია ვერ უნდა გახდეს მმართველი ძალა, აქამდე მისასვლელად გარკვეული ეტაპებია გასავლელი“ – მამუკა ტუსკაძე

ავტორი: neopress.ge

„მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ის ძალა ვართ, ვინც დღესვე ჩაანაცვლებს ხელისუფლებას. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა იცის, რომ აქამდე მისასვლელად გარკვეული ეტაპების გავლა მოუწევს. ეს ასეც უნდა იყოს, როგორც პირველკლასელი ვერ გახდება მეცნიერებათა დოქტორი, ისე ახალი პარტია ვერ უნდა გახდეს მმართველი ძალა“- ასე განუმარტა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ  საკუთარი მიზნები და სამოქმედო გეგმა მოსახლეობას ზუგდიდში გამართული შეხვედრისას. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ეს აუცილებელი ეტაპები არ გაუვლიათ.

„რით არის განპირობებული „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები, იცით?  არცერთ მათგანს არ გაუვლია ის ძირითადი ეტაპები, რომლებიც აუცილებელი იყო ქვეყნის სადავეების ხელში ასაღებად. „ჰოპ“ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ რომ უმრავლესობა ავიღოთ,  არ იქნება სწორი. პირიქით. ჩვენც, როგორც ყველა ახალ პარტიას გაზრდა გვჭირდება. ამისთვის საკმარისია, მოგვეცეს შესაძლებლობა, ვთქვათ ჩვენი სათქმელი. და ამას გავაკეთებთ იმ 2-3 მანდატით, რომელსაც თქვენი მხარდაჭერით მივიღებთ“ – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

პარტიის ლიდერმა მაგალითად ზვიად გამსახურდია მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი პარტიის და ქვეყნის განვითარებისთვის გააზრებულად და თანმიმდევრულად იბრძოდა.

„ყველას კარგად გვახსოვს, რას აკეთებდა ზვიად გამსახურდია ქვეყნისთვის. მან მოახერხა და მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაიბარა ხელისუფლება. 28 ოქტომბერი იყო მაშინ. ჩვენც, სიმბოლურად, ზუსტად 28 ოქტომბერს ვიკრიბებით კანცელარიის წინ და ვმართავთ აქციას. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ქართულმა სახელმწიფომ სრულფასოვანი ფუნქციონირება. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამ ფაქტს  საზოგადოებას“ – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი