“რემდესივირის” გადასხმიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება – ერთი ადამიანით მტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, ჩემზე ასე იმოქმედა”

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ “რემდესივირის” გადასხმიდან მეორე დღეს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, იმუნური სისტემა კი საწყის პირობებში დაბრუნდა. ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ თავდაპირველად, თავად იყო “რემდესივირის” ქვეყანაში შემოტანის ინიციატორი, თუმცა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ცერცვაძის თქმით, ახლა საპირისპირო კრიტიკა მიიღო, რატომ მხოლოდ მისთვის იყო ეს წამალი და არა სხვებისთვის.

„მე ორმაგად რისკის ჯგუფს მივეკუთვნები, ასაკთან ერთად მაქვს თანმხლები დაავადება არაჰოჯკინის ლიმფომა გამოხატული იმუნოდეფიციტით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ყველაზე მაღალი რიკის ჯგუფია კოვიდავადმყოფებისთვის, რამეთუ არსებობს რისკი დაავადების ძალიან აგრესიულად წასვლის და მძიმე გამოსავლის. მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადამესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“, რომელიც სადღეისოდ ერთადერთი მედიკამენტია, რომელიც რეკომენდებულია ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების გაიდლაინით, მაგრამ მას ყველა ერთნაირად არ აფასებს. მაგალითად, ჯანმო-ს კვლევებით ითვლება, რომ ეს მედიკამენტი ეფექტური არ არის. საქართველოში ეს პრეპარატი შემოტანილი ჯერ არ არის. ხელშეკრულება გაფორმებულია და დაახლოებით, 10 დღეში 2 კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. „რემდესივირის” გადასხმიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება და 5 დღეში ჩემმა იმუნურმა სისტემამ საწყის ზღვარს მიაღწია. მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია „რემდესივირთან“, რადგან ერთი ადამიანით ამის მტკიცება შეუძლებელია. ფაქტია, რომ ჩემზე ასე იმოქმედა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრა ნიუსის” ეთერში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი