რა შეზღუდვები მოქმედებს ევროპაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის

ავტორი: თიკო ტეფნაძე

მთავრობის დადგენილებით საქართველოში შეზღუდვების მეორე ტალღა 28 ნოემბრიდან ამოქმედდება, მაშინ როდესაც  უკვე ევროპის ზოგი ქვეყანა სრული, ზოგი კი 2020 წელს ნაწილობრივი ლოქდაუნის პირობებში აცილებს.

როგორც აღმოჩნდა, 22:00–ის შემდეგ ბარების დახურვას და ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აქტიურად იყენებენ.  მობილობის შესამცირებლად აკრძალულია თავყრილობები, ასევე სარიტუალო დღესასწაულები.

გთავაზობთ შეზღუდვების ჩამონათვალს, რომლებიც ევროპის ქვეყნებშია ამოქმედებული:

საფრანგეთი 

  • საფრანგეთში უკვე მეორედ გამოაცხადეს საყოველთაო ლოქდაუნი
  • ადამიანებს სახლიდან გასვლა მხოლოდ საჭირო პროდუქტებისა და წამლების შესაძენად შეუძლიათ, სავარჯიშოდ კი ფრანგებს დღეში 1 საათი აქვთ
  • ყველას, ვინც ქუჩაში იმოძრავებს,  უნდა ჰქონდეს გადაადგილების საშვი
  • ყველა მაღაზია, რესტორანი და ბარი დახურულია,  თუმცა მოსწავლეები სწავლას სკოლებში აგრძელებენ
  • აკრძალულია ყველანაირი სახის თავყრილობა.

გერმანია 

  • გერმანიაში მობილობის შემცირების მიზნით მაქსიმუმ 10 ადამიანს 2 ოჯახიდან შეუძლიათ შეიკრიბოს
  • კინოთეატრები, თეატრები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, საუნები, რესტორნები (მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ) და ბარები დახურულია.
  • სკოლებს, მაღაზიებს და სილამაზის სალონებს შეზღუდვები არ ეხება. გერმანიაში ყველა დიდი ღონისძიება გაუქმდა, ფანებს არ შეუძლიათ ფეხბურთის მატჩებს დაესწრონ, თუმცა საეკლესიო ლიტურგიები დაშვებულია.

საბერძნეთი 

  • საბერძნეთში ახლა სრული ლოქდაუნი მოქმედებს. ადამიანებს სახლიდან გასვლა მხოლოდ ნებართვის მიღების შემთხვევაში შეუძლიათ. ნებართვას მობილურზე მესიჯის სახით იღებენ.
  • ე. წ კომენდანტის საათი 21:00 დან 05:00–მდეა დაწესებული. რეგიონთაშორისი გადაადგილება აკრძალულია.
  • მაღაზიები და საშუალო სკოლები დახურულია, საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები ორშაბათიდან დაიკეტება.
  • საბერძნეთში ჩასვლის მსურველებმა საზღვარზე კორონა ვირუსის ტესტის ნეგატიური მაჩვენებელი უნდა წარადგინონ

იტალია 

იტალია მწვანე, სტაფილოსფერ და წითელ ზონებად არის დაყოფილი. შეზღუდვები ზონების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ:

  • წითელ ზონაში – სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია – დახურულია ყველა ბარი, რესტორანი და სილამაზის სალონი. აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები მუშაობას აგრძელებენ.
  • სტაფილოსფერ ზონაში დახურულია ყველა ბარი და რესტორანი, თუმცა სილამაზის სალონები კვლავ აგრძელებენ კლიენტთა მომსახურებას
  • მწვანე ზონაში ბარები და რესტორნები 18:00–მდე ფუნქციონირებს, თუმცა როგორც მთელ ქვეყანაში მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები დახურულია
  • საყოველთაო კომენდანტის საათი 22:00–დან 05:00–მდე მოქმედებს. აკრძალულია ისეთი რიტუალები, როგორებიცაა: ქორწილი, ნათლობა, დაკრძალვა.
  • მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, პირბადის გამოყენება სახლის გარდა ყველგან სავალდებულოა.

ესპანეთი 

ესპანეთში საყოველთაო კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის მაისამდე გახანგრძლივდა.

  • 23:00–დან 06:00–მდე ადამიანებს სახლიდან გამოსვლა ეკრძალებათ (შეზღუდვა არ მოქმედებს კანარის კუნძულებზე)
  • რეგიონებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ კომენდანტის საათის დაწყებაც და დასრულებაც.
  • 6 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია
  • 6 წლის ასაკიდან ყველა ვალდებულია ატაროს პირბადე როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში
  • 23 ნოემბერიდან ესპანეთის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვინც  კორონავირუსზე ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით ტესტს წარადგენს

პორტუგალია 

  • მოსახლეობას სახლიდან გამოსვლა მხოლოდ სამუშაოდ, სკოლაში წასასველად და საჭირო პროდუქტის შესაძენად შეუძლია
  • კომენდანტის საათი 23:00–დან 05:00–მდე მოქმედებს
  • მაღაზიებში და ბენზინგასამართ სადგურებში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია
  • ღია სივრცეებში მოქალაქეები ალკოჰოლის ყიდვას მხოლოდ იმ შემთვევაში შეძლებენ, თუ საკვებსაც შეუკვეთავენ
  • 5 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, ასევე ქორწილებსა და სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებზე დასწრება 50–ზე მეტ ადამიანს არ შეუძლია

ჰოლანდია

  • 20:00–დან ჰოლანდიაში ყველა მაღაზია, სასურსათოს გარდა, დახურულია
  • ბარები, რესტორნები და კოფი–შოპები მხოლოდ მიტანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას
  • მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, ზოოპარკები დახურულია
  • სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები აგრძელებენ მუშაობას

შეიძლება ითქვას, რომ შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ ლოქდაუნი და კომენდანტის საათი. თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ე.წ “ჯოგური იმუნიტეტის” წარუმატებლობა აღიარა, შვედეთში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

  • 20 ნოემბერიდან, ყველა ლიცენზირებულ ბარსა და რესტორანს 22:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აეკრძალა, 22:30–დან კი რეგულაციის მიხედვით მუშაობა უნდა შეწყვიტონ
  • ნიღბების გაკეთება შვედეთში კვლავ არ არის სავალდებულო, თუმცა კაფეებსა და რესტორნებში ერთ მაგიდასთან 8 ადამიანზე მეტის დაჯდომა აკრძალულია
  • სხვა შეზღუდვებთან დაკავშირებით მთავრობა მუდმივად გასცემს რეკომენდაციებს, თუმცა მათი შესრულება სავალდებულო არ არის
0

You may also like

დატოვეთ კომენტარი