პომპეო – თურქეთის მიერ S-400 სისტემის შეძენა საფრთხეს უქმნის აშშ-ის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნოლოგიის უსაფრთხოებას

ავტორი: კატო მალანია

თურქეთის მიერ S-400 სისტემის შეძენა საფრთხეს უქმნის აშშ-ის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნოლოგიის უსაფრთხოებას და საშუალებას აძლევს რუსეთს, წვდომა ჰქონდეს თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიასთან, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, პომპეომ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანი თურქეთის სამხედრო შესაძლებლობების ან საბრძოლო მზადყოფნისთვის ძირის გამოთხრა არ არის.

„მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციების მიზანია ხელი შეუშალოს რუსეთს მნიშვნელოვანი შემოსავალის მიღებასა და გავლენის მოპოვებაში და არა ის, რომ ძირი გამოუთხაროს თურქეთის ან აშშ-ის სხვა მოკავშირის ან პარტნიორის სამხედრო შესაძლებლობებს ან საბრძოლო მზადყოფნას,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარატმენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, ალიანსთან თავსებადი შეიარაღების შეძენასთან დაკავშირებით ნატოს წინაშე აღებულ საკუთარ ვალდებულებებს გადახედოს.

შეგახსენებთ, აშშ-მ თურქეთს რუსული S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი