პაატა იმნაძე – მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება

ავტორი: ნანა წულაია

„ერთ-ერთი არხის სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო“ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე „ფეისბუქზე“ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს წერს.

პაატა იმნაძის თქმით, მისი საქმიანობა და ყველა მისი განცხადება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

„ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC-ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს. სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო. საჩუქარი თავის დას, და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემი ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის. როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც. ჩემს მიერ, ჯერ 1992 წ. განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ცენტრის, ხოლო 1996 წ. NCDC-ის ჩამოყალიბების შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს პაატა იმნაძე.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი