“ოპოზციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადებით მანევრირების სივრცე მოისპო” – დავით ზურაბიშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

დავით ზურაბიშვილის აზრით, ოპოზიციამ თავიდანვე ბოიკოტის გამოცხადებით მანევრირების სივრცე მოსპო, მაშინ როდესაც ეს გადაწყვეტილება ყველა სხვა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ უნდა მიეღო. ამის შესახებ მან ტვ–პირველის ეთერში ისაუბრა.

“სახელმწიფო დეპარტამენტის მსჯელობა ჩატარებული არჩევნების შესახებ იყო ძალიან კრიტიკული. მკაცრად იყო შეფასებული ასევე სასამართლო სისტემა და საარჩვენო ადმინისტრაცია. მაგრამ მე პირველივე დღიდანვე ვიყავი იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, შემდეგ ხელმოწერები ამასთან დაკავშირებით და პარლამენტში არ შესვლის მთავარ თემად გამოტანა, იყო შეცდომა და მანევრირების სივრცე მოისპო. ხელისუფლებისთვის ბოიკოტის გამოცხადება უნდა ყოფილიყო დამოკლეს მახვილივით. თუ ხელისუფლება არ წამოვიდოდა დათმობაზე და ბოლომდე მიითვისებდა ძალაუფლებას, ოპოზიციის მხრიდან შემდეგ უნდა ყოფილიყო ბოიკოტი. მანამდე არსებობდა სხვა წყება მოქმდებების, რომელიც შეეძლოთ გამოეყენებინათ. ” – აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა

მისივე თქმით, ოპოზიცია ახლა ისეთ მდგომარეობაშია, პარლამენტში შევლის გადაწყვეტილება რომც მიიღონ, ეს იქნება ქართველი ხალხის უპატივცემულობა და აბუჩად აგდება.

“ხელისუფლების შეცვლა საქართველოში ვერ ხდება მხოლოდ შიდა და მხოლოდ გარე რესურსით. თუ ამერიკის ადმინისტრაცია შეეცდება ხელისუფლებაზე ზეწოლას და ძალიან არსებით დათმობებს გამოგლიჯავს ივანიშვილს, თეორიულად შეიძლება ოპოზიციამ კიდევ იფიქროს პარლამენტში შესვლაზე. მე რომ ვიყო აქტიურ პოლიტიკაში, არ შევიდოდი ახლა უკვე პარლამენტში, რადგან ეს იმ ხალხის შეურაცხყოფა იქნებოდა, რომლებიც ამ პროცესების დროს დაარბიეს, ცემეს, ზოგი დაიჭირეს. დანარჩენი ოპოზიციისგან ცოტა გასაკვირი იყო ეს კატეგორიული ბოიკოტი, “ნაციონალურ მოძრაობას” სჩვევია რადიკალურად დაწყება ყველაფრის, ასე იყო 2016 წელსაც” – განმარტა ზურაბიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი