ნინო ბურჯანაძე – ივანიშვილის ქველმოქმედების არ მჯერა, მან ყველაფერი პოლიტიკური აქტიურობისთვის გამოიყენა

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იგი ადრე აფასებდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, თუმცა დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეს იყო პოლიტიკური საქმიანობისთვის გამიზნული და არა რეალურად სიკეთის კეთება. პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა, რომ ივანიშვილის ქონების “ქართუსთვის” გადაცემა ამ ქონების დაცვას ჰგავს, რათა პოლიტიკური კრიზის პერიოდში არ დაზარალდეს.

 მე ძალიან მიკვირდა, როდესაც მესმოდა მისი ქველმოქმედების შესახებ თავის დროზე და ვკითხულობდი რატომ არავინ ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, რომ მაგალითად, შეისყიდოს ქართველი მოსახლეობისთვის სახლები იგივე წალკის რაიონში, სადაც მუდმივად პრობლემები ჰქონდათ მიგრანტებს, შეისყიდოს სხვა რეგიონებში, მაგრამ ეს არ ხორციელდებოდა. ქველმოქმედება ძირითადად იმისათვის ხორციელდებოდა, რომ ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს შემდეგ მისი პოლიტიკური აქტიურობისთვის მხარი დაეჭირა და რეალურად ასეც მოხდა. ყველაფერი რაც ივანიშვილმა გააკეთა მან გამოიყენა თავისი პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არც ახლა არ მჯერა მისი ქველმოქმედების, მით უმეტეს, როდესაც გაკეთდა ეკონომისტების მხრიდან საკმაოდ საინტერესო შეფასებები. ეს უფრო ჰგავს ერთის მხრივ ქონების დაცვას, რომ პოლიტიკური კრიზისების პერიოდში რაიმე არ დაემუქროს მის ქონებას და მეორეს მხრივ, გარკვეულწილად იმ ქონების თავიდან აცილებას, რომელთაც შეიძლება გადასახადები დაეკისროს და ამჯერად მომგებიანი არ არის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი