„ნაგებობების დანგრება, ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო“ – დავით სერგეენკო

ავტორი: ნანა წულაია

„როგორც ჩანს სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ, აფრიკის დასახლებაში მერიის მიერ შენობების დემონტაჟის შესახებ განაცხადა.

დავით სერგეენკომ განმარტა, რომ დედაქალაქის მერიას სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უკანონო იყო. მისი თქმით, ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ, მერია დაეხმარება.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის მძიმე საყურებელია კადრები, როდესაც ძალის გამოყენებით ხდება ნაგებობების დანგრევა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯები. ალბათ ამას წინ უძღოდა მოლაპარაკებები, რომლებიც სავარაუდოდ, უშედეგოდ დამთავრდა და რამდენადაც ვადევნებდი თვალყურს, სავარაუდოდ, შენობებში, რომელთა დემონტაჟიც მოხდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები, არ იყო ჯერ დასრულებული. რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთ ოჯახს დაეხმარა ქალაქის მერი, ასეთი პიროვნული დახმარება ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა ქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ, მერია დაეხმარება. აღსრულება ყოველთვის მძიმეა და ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო ეს, თუმცა როგორც ჩანს სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი. მე გამიჭირდება, რომ ასეთი ქმედებები მოვიწონო, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოახდინა, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი