მცხეთის სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი პროცესი მიმდინარეობს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა 19 წლის ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად გაზრახ მკლელობას ხუთ პირს ედავება, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

პარალელურად, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 8 არასრულწლოვნის საქმეზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა პროცესზე შესვლამდე განაცხადა, პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი არცერთი მოწმე არ ადასტურებს იმ ბრალად შერაცხულ ქმედებებს, რომელიც ზ.ხ.-ს აქვს წარდგენილი.

“დღევანდელ პროცესზე მოხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, წარმოადგენენ მოწმეებს და ეს მოწმეები დაიკითხებიან, ჩვენ წინასწარ არ ვიცით ამ მოწმეების ვინაობა, გამომდინარე აქედან, კითხვებიც შესაბამისი გვექნება. ის მოწმეები, რომლებიც ბრალდების მხარეს გამოკითხული ჰყავს და ვიცით, რომელი მოწმე რას ამბობს, არცერთი მოწმე არ ადასტურებს იმ ბრალად შერაცხულ ქმედებებს, რომელიც აქვს ზ.ხ.-ს წარდგენილი. მიგვაჩნია, რომ ეს პირები პროცესზეც არ იტყვიან რაიმე შემხებლობას. მთავარია მოწმემ დაადასტუროს თუ რა გარემოებებში მიიღო გარდაცვლილმა შაქარაშვილმა ის დაზიანებები, რომელიც სხეულზე აღენიშნება და შემდგომ როგორ აღმოჩნდა წყალში, ამ გარემოებებზე არცერთი მოწმე არ საუბრობს, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც იქნება გამამართლებელი“ – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

რაც შეეხება, 8 არასრულწლოვნის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს, ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი მოწმეც დაიკითხება, რომელიც დაადასტურებს, იყო თუ არა დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის რაიმე კონტაქტი და რამდენად იყო ტანსაცმლიდან ნიმუშები ამოღებული.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი