შეეფარდება თუ არა აღმკვეთი ღონისძიება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ პირს, სასამართლო ამაზე დღეს იმსჯელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:30 ჩანიშნული.
ბრალდების მხარე ლევან ზურაბიშვილისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
“ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.